სოკ-ის საკოორდინაციო კომისია: პირველი შეფასებები

14 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის გუნილა ლინდბერგი აზრით, ზამთრის  23-ე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა,  ნაყოფიერად მუშაობს საიმისოდ, რომ თამაშები წარმატებით ჩატარდეს.

ლინდბერგმა ეს განცხადება სამხრეთკორეულ პიონჩანგში ვიზიტის მეორე დღეს გაკეთა, მას შემდეგ, რაც  კომისიის სხვა წევრებთან ერთად უშუალოდ გაეცნო მზადების პროცესს და პირველადი ინფორმაცია ადგილზე მოისმინა. მან ასევე მიანიშნა ჯერ კიდევ შეუსრულებელ სამუშაოებზე და ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოს: „მართლაც, ბევრი რამ არის გაკეთებული და ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. თუმცა, ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ თითოეულ დეტალს. ოლიმპიადის დაწყებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება და ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს კოორდინირებული მუშაობა. „პიონჩანგი-2018"-ის გუნდმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გვიჩვენონ პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი," - განაცხადა ლინდბერგმა და მასპინძლებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტური მოქმედებისკენ მოუწოდა.

მან კმაყოფილება გამოთქვა ოლიმპიურ და პარალიმპურ სპორტულ ობიექტებზე მოწყობილი წარმატებული სატესტო შეჯიბრებების გამო: „საერთაშორისო ფედერაციები, რომლებთანაც კომუნიკაცია მქონდა, ასევე კმაყოფილნი არიან ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესით და გვარწმუნებენ, რომ პიონჩანგის თამაშებისთვის მზადება სწორი გზით მიდის."

სოკ-ის საკოორდინაციო კომისია პიონჩანგში 18 მარტამდე დარჩება და საბოლოო დასკვნას სრული ინსპექტირების შემდეგ გააკეთებს.