თომას ბახის ოპტიმიზმი

15 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი  სამხრეთ კორეაში ჩავიდა და პიონჩანგს ეწვია, სადაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

თომას ბახი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კორეაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია გავლენას ვერ მოახდენს „პიონჩანგ-2018"-ის მზადების პროცესზე და დარწმუნებულია, რომ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები წარმატებით ჩატარდება.

ეს განცხადება თომას ბახმა თამაშების საორგანიზაციო  კომიტეტის პრეზიდენტის ლი ჰი-ბომის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამზადისი ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა პრობლემებმა შეანელა და  აქტიურად გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჩაუდგება სათავეში ახალი პრეზიდენტი.  როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ იმპიჩმენტი გამოუცხადა, რასაც მასობრივი არეულობა და მსხვერპლი მოჰყვა.  კორეელები ახალ პრეზიდენტს 9 მაისს აირჩევენ.  

ვიზიტის ფარგლებში თომას ბახი  შეხვდა სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს,  პარლამენტის სპიკერს და სხვა ოფიციალურ პირებს - ორივე დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს.

„მათ ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩატარდება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.  კორეელები თვლიან, რომ ეს თამაშები მათი გაერთიანების კარგი საშუალებაა, რათა ერთიანი ძალით უგულშემატკივრონ თავიანთ სპორტსმენებს, გუნდებსა და საერთოდ, ოლიმპიადას,"  - განაცხადა თომას ბახმა ვიზიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჟურნალისტთა სიმრავლით გამოიირჩეოდა.

თომას ბახის თქმით, სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ  ოლიმპიადა ღია იქნება ყველასთვის.

ოლიმპიური თამაშების დანიშნულებაა  უმასპინძლოს მთელ მსოფლიოს და დარწმუნებული ვარ, ამ მოწვევას ყველა სიხარულით  მიიღებს. რეგიონში არსებული დაძაბულობა ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ოლიმპიურ თამაშებზე.  ოლიმპიზმის  ფილოსოფიაც ხომ ის არის, რომ გააერთიანოს ადამიანები," - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

თომას ბახმა და სეოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მოინახულეს  პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და დაათვალიერეს უკვე დასრულებული  საცხოვრებელი აპარტამენტები.

სამხრეთ კორეაში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2018 წლის 9-25 თებერვალს.