ევროპული ფარიკაობის მაღალჩინოსნები სეოკ-ში

16 მარტი 2017

16 მარტს საქართველოს საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის მაღალჩინოსნები - პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი და გენერალური მდივანი მაქს გიოტერი. ისინი გაეცნობიან  წლეულს, 12-17 ივნისს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს, დაათვალიერებენ ოლიმპიურ პარკში მდებარე საშეჯიბრო არენას და სასტუმრო „ბილტმორის" საკონფერენციო დარბაზს, სადაც გაიმართება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის გახსნა-დახურვის საზეიმო ცერემონიალი და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი.

ევროპელმა სტუმრებმა პირველი საქმიანი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართეს. სეოკ-ის პრეზიდენტმა  ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის  მნიშვნელობას საქართველოში ფარიკაობის პოპულარიზაციისთვის, გაიხსენა ჩვენი მოფარიკავეების წარმატებები საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე. „ფარიკაობა სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა საქართველოში, -აღნიშნა ხაბელოვმა, - სერიოზული წარმატებები გვქონდა საბჭოთა პერიოდში, გვყავს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები. გვქონდა გარკვეული ჩავარდნა, თუმცა 20-წლიანი პაუზის შემდეგ  ერთმა  ჩვენმა  მოფარიკავემ მოიპოვა შარშანდელი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, გვყავს ევროპული ასაკობრივი ჩემპიონატის პრიზიორები. ფარიკაობას მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საქმიანია,  აქტიურად ვთანამშრომლობთ ეროვნულ ფედერაციასთან, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საინტერესო წინადადებებს.   ჩვენი შეფასებით,  პროგრესი იგრძნობა და ამ გზაზე ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება."

ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტმა,  მრავალგზის ოლიმპიურმა  და მსოფლიო  ჩემპიონმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა სეოკ-ის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ევროპის ჩემპიონატი წარმატებით ჩაივლის: „მართალია, დეტალებს ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი  აქტიურად მიმდინარეობს. გეთანხმებით, რომ ქართველმა მოფარიკავეებმა შედეგები გააუმჯობესეს, კარგი სპეციალისტებიც გყავთ  და გისურვებთ წარმატებას მომავალ ევროპულ ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე."

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს ფარიკაობის  ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე, გენერალლური მდივანი დავით სახვაძე, პრეზიდენტის მრჩეველი არჩილ გოგელია, მწვრთნელი მერაბ ბაზაზე  და ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, წარსულში წარმატებული მოფარიკავე  იური ოსიპოვი, რომელსაც დღეს 80 წელი შეუსრულდა.

სტუმარ-მასპინძლებმა იური ოსიპოვს  იუბილე მიულოცეს, ლერი ხაბელოვმა მას სეოკ-ის ოლიმპიური მედალი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.