ერზრუმი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებს

16 მარტი 2017

მასპინძლობის შესახებ განაცხადი მოიწონა თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა ერზრუმის პროვინციიდან, მუსტაფა ილიჩაკმა. თურქთის სპორტული გაზეთის „ფანატიკის" ინფორმაციით, დეპუტატმა ეს წინადადება განიხილა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან, რომელიც ერზერუმის რეგიონს 31 მარტს ეწვევა.

„განაცხადს  სექტემბერში  გავაგზავნით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში," - ამბობს ილიჩაკი, რომლის თქმითაც, ერზრუმთან ერთად ზამთრის თამაშებს უმასპინძლებს მეზობელი პროვინციებიც - ერზინკანი და ყარსი.

როგორც ცნობილია, ერზრუმმა უმასპინძლა 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და 2011 წლის ზამთრის უნივერსიადას, რომლის ინფრასტრუქტურისთვისაც ერთი მილიარდი თურქული ლირა (269 მილიონი ევრო)  დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა პრეტენზია გამოთქვა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზეც, თუმცა,საბოლოოდ სტამბულს ტოკიომ აჯობა.

ექსპერტების განცხადებით, ამჟამინდელი გახშირებული ტერორისტული აქტებისა  და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფონზე, თურქეთისთვის უსაფრთხოება  ახლა ნომერ პირველი პრობლემაა. თუმცა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტი არ შეუშინდა ამ გამოწვევებს და მას შემდეგ, რაც ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, ახალგაზრდული ფესტივალს ერზრუმმა ერთი თვის წინ წარმატებით  უმასპინძლა.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის თურქეთს შვეიცარიულ სიონთან მოუწევს კონკურენცია.  პრედენდენტთა შორის განიხილება ინსბურკიც (ავსტრია), რომელსაც ასევე, შესაძლოა, შეუერთდეს საპორო (იაპონია) და კალგარი (კანადა). სამივე ეს ქალაქი სხვადასხვა წლებში უკვე მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიადას. არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი შვედებმაც გამოთქვან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი  2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელს 2019 წელს დაასახელებს. უახლესი თამაშები გაისად პიონჩანგში (სამხრეთ კორეა) გაიმართება, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას კი პეკინი უმასპინძლებს.