ცვლილება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კალენდარში

17 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წინადადებას შეჯიბრების ვადებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ახალგაზრდული თამაშები ბუენოს აირესში ნაცვლად 2018 წლის 1-12 ოქტომბრისა, გაიმართება 2018 წლის 6-18 ოქტომბერს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშების კალენდარში გაჩნდა კიდევ ორი არასამუშაო დღე, რაც ორგანიზატორების მტკიცებით, მნიშვნელოვნად გაზრდის სპორტული არენების ტრიბუნებზე მაყურებლების რაოდენობას.

ახალგაზრდული თამაშების პროგრამა მოიცავს ყველა 28 ოლიმპიურ სახეობას, თუმცა ზოგიერთი სახეობა წარმოდგენილი იქნება არაოლიმპიური დისციპლინებით. მაგალითად, ფეხბურთელები ერთმანეთს ფუტზალში შეეჯიბრებიან, კალათბურთელები - სამკაცა კალათბურთში, ტანმოვარჯიშეები - აკრობატიკაში. თამაშების პროგრამას ასევე დაემატა კარატე, კლდეზე ცოცვა და ბრეიკ-დანსი.

არგენტინაში შეიკრიბებიან მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 15-18 წლის სპორტსმენები, რომლებსაც  ბუენოს აირესის საგზურის მოსაპოვებლად 2017-2018 წლებში საკმაოდ რთული სალიცენზიო ტურნირები ელით.

მომავალი თამაშებისთვის ბუენოს-აირესში ამოქმედდება ოთხი პარკი - ოლიმპიური, საქალაქო, მწვანე და ტექნო პარკები, სადაც გაიმართება სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მთავარ პროექტად  ითვლება ახალგაზრდული ოლიმპიური პარკი, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილში შენდება. პარკი მოიცავს ობიექტებს 12 ოლიმპიური სახეობისთვის, აგრეთვე - ახალგაზრდულ ოლიმპიურ ცენტრს და ოლიმპიურ სოფელს, სადაც იცხოვრებენ სპორტსმენები, მწვრთნელები და დელეგაციების სხვა წევრები.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.