კლდეზე ცოცვის ოლიმპიური დებიუტი: რა პრინციპით და როდის განაწილდება ლიცენზიები?

18 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შარშანდელი გადაწყვეტილებით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრმაში დამატებით სპორტის  5  სახეობა შეიტანეს, მათ შორის - კლდეზე სპორტული ცოცვა.

კანადის ქალაქ კვებეკში გაიმართა კლდეზე ცოცვის საერთაშორისო ფედერაციის (IFSC) პლენარული ასამბლეა, რომელშიც 44 ქვეყნის ეროვნული ფედერაციების დელეგატები მონაწილეობდნენ.  მთავარ საკითხად განიხილეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის  ფორმატის კონცეფცია კლდეზე ცოცვაში.

გადაწყვეტილია, რომ  ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 40 სპორტსმენი (20 კაცი, 20 ქალი). საკვალიფიკაციო გამოსვლები გაიმართება სხვადასხვა სექციებში და სხვადასხვა დღეებში. სავალდებულო არ იქნება  კაცების და ქალების ფინალური გამოსვლების ერთ დღეს ჩატარება. სოკ-მა ოლიმპიურ თამაშებზე ამ სახეობისთვის 3 საშეჯიბრო დღე დააწესა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა 4 დღემდე გაიზარდოს.

 ფინალში დაიშვება 6 საუკეთესო სპორტსმენი. ფინალში დისციპლინების თანმიმდევრობა შემდეგნაირად გადანაწილდება: სისწრაფე, ბოულდერინგი და სირთულე.

ჯერჯერობით საბოლოოდ არ დამტკიცებულა  სპორტსმენთა სალიცენზიო შესარჩევი სისტემა.  ეს და სხვა დეტალებიც მას შემდეგ გამოქვეყნდება (სავარაუდოდ ივლისში), რაც  IFSC ფორმატს საბოლოოდ შეუთანხმებს სოკ-ს. თუმცა, ცნობილია ძირითადი პრინციპი - სპორტსმენთა შერჩევა მოხდება ოლიმპიური თამაშების ფორმატის შესაბამისად. 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო სტარტი იქნება 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2019-2020 წლების კონტინენტური ჩემპიონატები, 2019 წლის მსოფლიოს თასი  და 2019-2020 წლების სპეციალური შესარჩევი შეჯიბრებები.  ცხადია, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას ეცდებიან ქართველი სპორტსმენებიც.