ცვლილებები ჭიდაობის წესებში

20 მარტი 2017

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) შეჯიბრების წესებში ცვლილებების ახალი ტალღა წამოიწყო, რომელიც ეხება შეჯიბრების ფორმატს, მოჭიდავეთა  წონით კატეგორიებს, რეიტინგს, აქტიურობის წახალისებას.

UWW -ის ტექნიკური კომისიის მიერ შემუშავებულ სიახლეთა პაკეტს მხარი დაუჭირეს ჭიდაობის მმართველი ორგანოს ბიუროს წევრებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ  ტესტირების გავლის შემდეგ, მოჭიდავეთა ტურნირები ახალი ფორმატით ჩატარდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ წონების რაოდენობა რვიდან ათამდე იზრდება. ასაკობრივი კატეგორიების  მიხედვით ახალი წონების დაზუსტებულ ვერსიას (მათ შორის _ ქალთა თავისუფალ ჭიდაობაში)  UWW -ის ბიუროს წევრები კენჭს უყრიან პარიზში, 2017 წლის აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას.                                             

ტურნირები  ჩატარდება ორდღიანი განრიგით. მოჭიდავეების აწონვის პროცედურა  შეჯიბრების დღეს მოეწყობა, მეორე დღეს კი დასაშვებია წონაში ორკილოგრამიანი სხვაობა.

გარდა ამისა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მოახდინა იმ წესების შედარებით უმნიშვნელო კორექტირება, რომლებიც ითვალისწინებს პასიური მოჭიდავის უფრო ეფექტურად  დასჯას და აქტიური ჭიდაობის წახალისებას.

ახალი წესებით  სატესტო შეჯიბრებები მოეწყობა ივლისში და სექტემბერში _  ეს შეჯიბრებები იქნება  კადეტების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, რომლებიც წლეულს სარაევოსა და ათენში  გაიმართება. თუ ტესტები წარმატებული გამოდგება, ახალი ფორმატი ძალაში შევა 2018 წლის 1 იანვრიდან.

UWW -მა ასევე გადაწყვიტა მოაწესრიგოს და უფრო ობიექტური გახადოს ერთ წელიწადზე გათვლილი რეიტინგ-სისტემა, რათა  მოჭიდავეების განთესვის გზით  თავიდან იქნას აცილებული ფავორიტების დაპირისპირება შეჯიბრების საწყის ეტაპზე. მაგალითად, 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა განთესვისას გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგები.