ოლიმპიური თამაშები და უსაფრთხოების მექანიზმები

20 მარტი 2017

სამხრეთ კორეის  ქალაქ  პიონჩანგში  გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ინტერპოლის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო  პარტნიორობის გაფართოება. შეხვედრაზე განიხილეს  უსაფრთხოების  მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეის  სამართალდამცველი უწყებების თავკაცები, ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლები, „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის, კორეის რესპუბლიკის სპორტის და ოლიმპიური კომიტეტისა  და წამყვანი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.

სამხრეთ კორეის სპორტის და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კი ჰონგ ლის განცხადებით, ზამთრის 2018 წლის ოლიმპიადის სამზადისის პარალელურად აუცილებელია შეიქმნას  უსაფრთხოების გლობალური გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები  და ასევე, ყველა ის დეტალი, რომელიც დაიცავს სპორტს კორუფციისგან და საეჭვო გარიგებებისგან. სამხრეთ კორეამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ოლიმპიადა დიდი სპორტის ყველა სტანდარტის დაცვით  ჩატარდეს.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კორეამ  რაც შეიძლება მალე შექმნას ყველა პირობა „სუფთა სპორტისთვის". ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სპორტული ორგანიზაციები უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გამოირიცხოს სპორტში უსამართლობის ყველა ფორმა. გზა უნდა გავუხსნათ „სუფთა სპორტს"," - განაცხადა კი ჰონგ ლიმ და დასძინა, რომ ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე სპორტული პოლიტიკის გამტარებელი, პირველ რიგში, იქნება ოლიმპიური კომიტეტი.

შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც გამოყენებული იქნება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. გადაწყდა, რომ დაცვის სისტემების უფრო ეფექტურად ამოქმედებისთვის შეიქმნება კოორდინირებული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანდებიან ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურები და უსაფრთხოების სამსახურები.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინტერპოლთან 2014 წლის იანვარში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის შემდეგაც ეს ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის - ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში. თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლი  და სოკ-ი მთელს მსოფლიოში  ატარებენ ერთობლივ სემინარებს  საერთაშორისო და ნაციონალური სპორტული ფედერაციების, სამართალდამცველი უწყებების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, მათ აცნობენ იმ კორუფციულ სქემებს, რომლებიც სპორტში, განსაკუთრებით, დიდი შეჯიბრებებისას გამოიყენება. 

ასევე მსგავსი კორუფციული გარიგებებისგან თავდაცვის მექანიზმების შემუშავებას ისახავდა მიზნად 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქ პიონჩანგში  გამართული შეხვედრა.