რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი იმსახურებს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას

21 მარტი 2017

თურქეთის პერზიდენტი რეჯეპ  ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს უმასპინძლოს  ოლიმპიურ თამაშებს.  იგი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ   სტამბულმა ტოკიოსთან წააგო და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური  თამაშების მასპინძელი ვერ გახდა.  1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს იყო სტამბულის მეხუთე მცდელობა მიეღო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის სტატუსი, თუმცა კვლავ უშედეგო.

2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის გამართული კენჭისყრის პირველ რაუნდში  ტოკიომ  და სტამბულმა  მადრიდს აჯობეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ტოკიომ 60 ხმა მიიღო, ხოლო სტამბულმა 36 და შესაბამისად, გამარჯვებაც ტოკიოს ერგო. ექსპერტების ვარაუდით, 2013 წელს ბუენოს-აირესში გამართულ სოკ-ის სესიის დელეგატებზე, სადაც კენჭისყრა ჩატარდა,  გავლენა იქონია  იმ დროს თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებმა.

ერდოღანის თქმით,  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სტამბულს არ აქვს მხარდაჭერა, თუმცა, „თურქეთი ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი სახის სპორტული შეჯიბრებას".

„მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებთ, აქამდე ვერ შევძელით ოლიმპიადის ჩვენს ქვეყანაში  ჩატარება.  მხარი დაუჭირეს იმ ქვეყანას, სადაც ერთხელ უკვე გაიმართა ეს დიდი სპორტული თამაშები და არა იმას, სადაც პირველად უნდა ჩატარებულიყო," - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას.

როგორც თურქეთის მედია იუწყება, ერდოღანს ამჯერად არ უსაუბრია თურქეთის კიდევ ერთი სურვილის - 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლად ერზრუმის კანდიდატურის წამოყენების თაობაზე. თუმცა, ამაზე უკვე ისაუბრა თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა ერზრუმის პროვინციიდან მუსტაფა ილიჩაკმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხს ის ქვეყნის პრეზიდენტთან განიხილავს 31 მარტს, როდესაც ერდოღანი ეწვევა ერზრუმის რეგიონს.

ერზრუმი თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს და წლეულს, თებერვალში იქ ჩატარდა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ასევე - 2011 წელს გაიმართა ზამთრის უნივერსიადა.

თუ თურქეთი ერზრუმის კანდიდატურას წამოაყენებს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის მას შვეიცარიულ სიონთან მოუწევს კონკურენცია. პრედენდენტთა შორის განიხილება ინსბურკიც (ავსტრია), რომელსაც ასევე, შესაძლოა, შეუერთდეს საპორო (იაპონია) და კალგარი (კანადა). სამივე ეს ქალაქი სხვადასხვა წლებში უკვე მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიადას. არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი შვედებმაც გამოთქვან.

სოკ-ი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას 2019 წელს მიიღებს. 2018 წლის თამაშები  პიონჩანგში (სამხრეთ კორეა) გაიმართება, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას კი პეკინი უმასპინძლებს.

თურქული მედიის ვარაუდით, თუ  თურქეთის მასპინძლობის საკითხის განხილვა ამჯერადაც  ტერორისტული აქტების  და არასტაბილური ვითარების ფონზე ჩაივლის, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის ნებისმიერ მცდელობას უმასპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებას, როგორიც არის ოლიმპიური თამაშები.