სოკ-ის სადისციპლინო კომისიის ახალი სანქციები

22 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე  ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რუს სპორტსმენებს 25 ოლიმპიური მედალი ჩამოართვა, ხოლო სანქციები დააკისრა რუსეთის ფედერაციის 32 ათლეტს.

სოკ-ის მიერ ამ თემაზე  გაკეთებული ბოლო განცხადების თანახმად, 2012 წლის ოლიმპიადაზე აღებული დოპინგ-ტესტების გადამოწმების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომისიამ გააუქმა რუსი უროს მტყორცნელების - გულფინ ხანაფეევას და მარია ბესპალოვას, ასევე სამმხტომელი  ვიქტორია ვალიუკევიჩის შედეგები.

სამივე სპორტსმენი მონაწილეობდა ლონდონის ოლიმპიადაში, თუმცა მათ მედლების აღება ვერ შესძლეს. ბესპალოვამ მე-11 ადგილი დაიკავა, ხანაფეევა ვერ გავიდა ფინალში, ხოლო ვალიუკევიჩმა მე-8  შედეგი აჩვენა.

სოკ-მა სპორტსმენებს დაავალა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ ოლიმპიური ატრიბუტები. თუ რა ნივთიერება აღმოაჩინეს სპორტსმენთა ტესტ-ნიმუშებში,  ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„განმეორებითი ტესტის შედეგების  საფუძველზე ისინი დამნაშავედ ცნეს  „ლონდონის-2012"-ზე  ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. სამივე სპორტსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები გაუქმებულია.  მათ უნდა დააბრუნონ ოლიმპიური ატრიბუტები.  სოკ-ი დისკვალიფიკაციის ვადების შესახებ გადაწყვეტილებას გამოიტანს  სადისციპლინო პორცედურების დასრულების შემდეგ და ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს სოკ-ის სადისციპლინო კომისიის დასკვნის აღსრულებაზე," - ნათქვამია რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.  მისივე ინფორმაციით, ბადროს მტყორცნელმა ვერა განეევამ, რომელიც უფრო ადრე ასევე მიიჩნიეს ანტისადოპინგო წესების დამრღვევად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს უკვე დაუბრუნა ოლიმპიადაში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი.