სოკ-ის თავსატეხი: პარიზი თუ ლოს-ანჯელესი?

22 მარტი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიაზე, რომელიც წლეულს სექტემბერში ლიმაში (პერუ) უნდა გაიმართოს, ოლიმპიური მოძრაობის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, რომელთა შორის უმთავრესია 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევნები. დღეისათვის მხოლოდ ორი პრეტენდენტი დარჩა - პარიზ და  ლოს-ანჯელესდამკვირვებელთა ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ  ერთდროულად გამოცხადდეს არა მარტო 2024 წლის, არამედ - 2028 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს ბოლო სხდომაზე (2017 წლის 16-17 მარტი) პრეზიდენტ თომას ბახის  ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სოკ-ის 4 ვიცე-პრეზიდენტის შემადგენლობით. ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენის წესის რეფორმირების წინადადებები, მათ შორის - ე.წ.  „ორმაგი" არჩევნების შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფი თავის რეკომენდაციებს წარადგენს ლოზანაში 11-12 ივლისს დაგეგმილ  კანდიდატი ქალაქების პრეზენტაციაზე, ამის შემდეგ კი გაიმართება ფართო დისკუსია.

„ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ კანდიდატი ქალაქების  წარდგენის და შერჩევის პროცედურა გავხადოთ უფრო პროაქტიური და ნაკლებხარჯიანი, - აღნიშნა თომას ბახმა, - რაც შეეხება უახლოეს არჩევნებს, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მათ შორის, პროცედურა „24-28" და კენჭისყრა ამ პროცედურით."

სოკ-ის პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბარი წამოიწყო 2016 წლის დეკემბერში, როცა  ყურადღება გაამახვილა პროცედურულ ხარვეზებზე: ჩვენ გვმართებს იმის გათვალისწინება, რომ დღეს არსებული პროცედურა მოძველებულია, რადგანაც კანდიდატი ქალაქების შერჩევის პროცესს ჰყავს ძალიან ბევრი დამარცხებული."  

ამ განცხადებას მოჰყვა არაერთი გამოხმაურება უმაღლეს სპორტულ ეშალონებში და ეს ყველაფერი დასრულდა უკვე ნახსენები სამუშაო ჯგუფის შექმნით. სხვათა შორის, ამ ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, ჩართავენ თუ არა  კონსულტაციებში უშუალოდ კანდიდატი ქალაქების - პარიზისა და  ლოს-ანჯელესის წარმომადგენლებს.  თუმცა, მედიაში უკვე გამოჩნდა მათი პირველი კომენტარები. მაგალითად, „პარიზი-2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტის  თავმჯდომარე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტონი ესტანგე აცხადებს, რომ 2028 წელს „პარიზში ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდება," თუ მათი მცდელობა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უშედეგოდ დასრულდება. „ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი - ჩავატაროთ თამაშები 2024 წელს. ჩენი პროექტი გათვლილია მხოლოდ 2024 წელზე. ეს არის ჩვენი მეოთხე მცდელობა. ან ახლა, ან - არასოდეს."

დაახლოებით იგივეს ამბობს ლოს-ანჯელესის მერი ერიკ გარსეტი: „ჩვენ ვიბრძვით 2024 წლის თამაშებისთვის. ჩვენ სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ,"

აშკარაა, რომ  „ორმაგი კენჭისყრის" თემა სულ უფრო აქტუალური ხდება და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს  უახლოეს პერიოდში მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, გაცილებით ადრე, ვიდრე სოკ-ის 130-ე სესია გაიმართება.