IOC-ი UNHCR-ი ლტოლვილ ოლიმპიელთა პროგრამის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

27 მარტი 2017

ჟენევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შტაბ-ბინაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი  გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ თომას ბახმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან  (UNHCR) უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება და ამისათვის სოკ-ი სერიოზულ სამუშაოს გასწევს.

თომას ბახის და  ფილიპო გრანდის შეხვედრის მთავარი თემა იყო ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი, რომელიც შეიქმნა „რიო-2016"-ის მიმდინარეობისას.    დევნილთა 10-კაციანმა  ოლიმპიურმა გუნდმა  ოლიმპიურ თამაშებში  მონაწილეობა პირველად სწორედ ბრაზილიაში მიიღო.

 ბახისა და გრანდის შეხვედრის შემდეგ  გადაწყდა, რომ „ტოკიო-2020"-ის დღის წესრიგში არსებული ჩანაწერი, ოლიმპიადაზე დევნილთა გუნდის მონაწილეობის შესახებ, უფრო გაფართოვდება.

„უკვე 20 წელია ვთანამშრომლობთ და სურვილი გვაქვს უფრო გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა.  ჩვენი პარტნიორობა გვეხმარება სპორტი ჩავაყენოთ ადამიანების სამსახურში.  მართალია, ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის შექმნის იდეა სოკ-ს ეკუთვნის, მაგრამ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას ვერ შევძლებდით ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარების გარეშე," -  განაცხადა ჟენევაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მათი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და ძალზე საჭიროა:

„ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიზანი და სურვილი ის არის, რომ სპორტი გახდეს იმედის სიმბოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომავლს ოპტიმიზმით აღარ შესცქერიან," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპო გრანდმა. 

IOC-ი და UNHCR-ი 1994 წლიდან თანამშრომლობენ და ამ წლების მანძილზე მათ 45 ქვეყანაში განახორციელეს მასშტაბური ერთობლივი პროექტები.

2004 წლიდან ყოველი ოლიმპიური თამაშების დაწყებისას ტრადიციულად ატარებენ  ღონისძიებას - Giving is Winning. ეს არის  მასშტაბური კამპანია, რომლის მიზანია სპორტსმენების,  ოფიციალური პირებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების ცნობიერების ამაღლება სპორტული სოლიდარობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ბახის წინამორბედი  ჟაკ როგგე დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად,  რომლის ფუნქციებშიც შედის სპორტის, როგორც  მშვიდობის ერთ-ერთი იარაღის  აქტიურად გამოყენება, ასევე,  ლტოლვილების სპორტით დაინტერესება და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა.