ოლიმპიური კომიტეტი: ჩვენმა ოლიმპიელებმა კარგად იციან, რომ ხალხის სიყვარულია ყველაზე დიდი ჯილდო

27 მარტი 2017

"აიპრესში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს - ლაშა ტალახაძე: სხვა ქვეყნებიდან ისეთ თანხებზეა შემოთავაზება, შეიძლება მართლა დამაფიქროს" - საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ოლიმპიური ჩემპიონის ინტერვიუს გამოეხმაურა სპორტის სამინისტროც და იმავე დღეს გავრცელდა განცხადება, რომ მედალოსანი სპორტსმენები ხელისუფლებისგან დამატებით 100 000 ლარს მიიღებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია "აიპრესთან" დააფიქსირა საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმაც:

"გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ჯერ კიდევ რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საჯაროდ ისაუბრა ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის საპრემიო თანხის წინასწარ განსაზღვრის საჭიროებაზე ბოლო ოლიმპიადებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.

სწორედ ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენს ჩემპიონებს, მათ შორის _ ლაშა ტალახაძეს, ალბათ, მეტის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა, თუ არაერთი ჩვენზე მდიდარი ქვეყნის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მათი ეს წარმატება ღირსეულად დაფასდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე უკვე გააკეთა კომენტარი, რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიურ კომიტეტს, ჩვენ ორივე ოლიმპიურ ჩემპიონს გადავეცით მშენებარე ბინები ბათუმში. გარდა ამისა, სწორედ ჩვენი შუამდგომლობით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა რიოს ჩემპიონები დააჯილდოვა 50 ათას-50 ათასი ლარით, ლაშა ტალახაძემ კი, როგორც წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ჩვენგან დამატებით მიიღო 10 ათასი ლარი. მან, ისევე როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ჩვენმა სხვა მედალოსნებმა, მართლაც იშვიათი თავდადებით იასპარეზეს ბრაზილიაში და მილონობით გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მოუტანეს. ჩვენმა ოლიმპიელებმა კარგად იციან, რომ სწორედ ხალხის სიყვარულია ყველაზე დიდი ჯილდო, რომელსაც ვერაფერი გადასწონის. დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი კიდევ არაერთხელ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას." - განუცხადეს "აიპრესს" ოლიმპიურ კომიტეტში.