მეორე ევროპულ თამაშები: მზადება დაწყებულია

28 მარტი 2017

„ბელორუსი ღირსეულად ჩაატარებს მეორე ევროპულ თამაშებს" -  აცხადებს   ბელორუსის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი. მან მინსკის ის სპორტული ობიექტები მოინახულა, რომლებიც  2019 წელს  ევროპულ  თამაშებს უმასპინძლებს.

„ევროთამაშებისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, ქვეყნის ფინანსურ სისტემას ზედმეტი  დატვირთვა  არ მიუღია. სპორტული ობიექტების აშენებას ისედაც ვგეგმავდით, მიუხედავად იმისა, გაიმართებოდა თუ არა ევროთამაშები ბელორუსში. ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება შეჯიბრება ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ეწვია მარშალ ტიმოშენკოს სახელობის სპორტული სროლის კომპლექსს, სადაც განიხილეს მისი რეკონსტრუქციის გეგმა. ანდრეი კობიაკოვმა ასევე მოინახულა მხატვრული ტანვარჯიშის ცენტრი.  ბელორუსიის პრემიერ-მინისტრის აზრით, ეს ცენტრი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ობიექტი იქნება ტანმოვარჯიშეების აღსაზრდელად.

ბელორუსის პრემიერ-მინისტრმა  შეაფასა  „დინამოს"სტადიონის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაც, სადაც გაიმართება  ევროთამაშები-2019"-ის გახსნის ცერემონია. მან იმედი გამოთქვა, რომ 2018 წლის ბოლოს ყველა სპორტული კომპლექსი მზად იქნება.

ბელორუსმა 2019 წლის მე-2 ევროპული თამაშების მასპინძლობის უფლება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეაზე მიიღო, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში მინსკში გაიმართა.

პირველ ევროპულ  თამაშებს   2015 წლის 12-28 ივნისს ბაქომ უმასპინძლა. ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის - 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.