3 ოქრო, 3 ბრინჯაო - ქართველ ფალავანთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

29 მარტი 2017

უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, რომლებმაც ექვსი მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), შოთა ფარტენაძე (61 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) და მირზა სხულუხია (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კენჭაძემ ფინალამდე ფინელ, თურქ და ბულგარელ მეტოქეებს აჯობა, საჩემპიონო ბრძოლაში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან ხაჯიევს 4-ქულიანი გდებით მოუგო.  მაჭარაშვილმა ფინალამდე ასევე სამი მეტოქე დაჯაბნა და გადამწყვეტ შეხვედრაში რუს  გიორგი გოგაევს დაუპირისპირდა.  შეხვედრა ძალზე საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბოლო წამებზე კი მაჭარაშვილმა იძალა და წმინდად გაიმარჯვა.

მძიმე წონაში უპირობო ფავორიტი იყო რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. მან 12: 2 მოუგო თურქ სალიმ ერქანს, 7:2 - უკრაინელ დანილო კარტავის, 10:0 - რუს კაზბეკ ხუბულოვს, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი 2 წუთი და 24 წამი დასჭირდა ბელორუსი ვიტალი პესნიაკის დასამარცხებლად.