ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

30 მარტი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მუზეუმს „ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ესტუმრენენ. მათ მასპინძლობდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიურ ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, რვა ოლიმპიადის მონაწილე, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი  ნინო სალუქვაძე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ  ოლიმპიზმისა და ქართველი ოლიმპიელების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ისტორიას, ნახეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის ისტორია". ასევე გაესაუბრნენ ნინო სალუქვაძეს და  მიიღეს მისგან რჩევები ცხოვრების ჯანსაღ წესზე.

შეხვედრის დასასრულს სკოლას ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცა საჩუქრები - საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია „მოგზაურობა ოლიმპეთში", ჟურნალი „ოლიმპიელი," კალენდარი. ასევე დასაჩუქრდა იუბილარი მოსწავლე, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ დააჯილდოვა.