ზამთრის ოლიმპიადა და NBC-ის გეგმები

30 მარტი 2017

ზამთრის სპორტის გულშემატკივრებს „პიონჩანგ-2018"-ის შეჯიბრებების ნახვა  ტელეკომპანია NBC-ის  პირდაპირ ეთერით დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეეძლებათ.

როგორც ცნობილია, NBC-მ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 7, 65 მილიარდი დოლარი  გადაუხადა 2032 წლამდე გასამართი ზაფხულისა და ზამთრის  ოლიმპიური თამაშების ტრანსლიაციის ექსკლუზიური უფლებისთვის. 

წინა ოლიმპიური თამაშების ტრანსლირებისას  NBC  არაერთხელ  გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან  მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ვერ ნახა რამდენიმე მთავარი მოვლენა და შეჯიბრება.     

ტელეკომპანია პირობას დებს, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება და მაყურებლები შეჯიბრებებს ნამდვილად პირდაპირ ეთერში იხილავენ.

რაკი ოლიმპიადის მსვლელობისას NBC-ის ეთერის ძირითად სარეკლამო დროს ამერიკული კომპანიები ყიდულობენ, არხის ხელმძღვანელობა ცდილობს გადაცემები სწორედ ამერიკელი ტელემაყურებლის ინტერესებს მოარგოს. NBC-ის ოლიმპიური თამაშების პროდუქციის წარმოებისა და პროგრამირების  ხელმძღვანელის ჯიმ ბელის განცხადებით, ტელეკომპანია ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლირებას მოახდენს  და ამერიკელები  სოციალურ მედიაზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი.

პიონჩანგი, სადაც 2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, 130 კილომეტრით არის დაშორებული სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან და ნიუ-იორკის დროს 13 საათით უსწრებს.  ამიტომაც,  2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის ღონისძიებების პროექტის თანახმად, პირველად ისტორიაში, ფიგურული ციგურაობის ფინალი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ტრადიციულად საღამოს იმართებოდა, პიონჩანგში ჩატარდება დილით, რათა მას ხელსაყრელ დროს უყუროს აშშ-ს აუდიტორიამ. ფიგურული ციგურაობა დაიწყება 10 საათზე ადგილობრივი დროით და დასრულდება დღის 2 საათზე.  სავარაუდოდ, სნოუბორდისტთა ფინალური შეჯიბრებებიც დილის საათებში ჩატარდება.

„ეს ძალზე საინტერესო ინფორმაციაა ჩვენი აუდიტორიისთვის, პარტნიორებისა და რეკლამის განმთავსებლებისთვის.  ჩვენს მაყურებლებს არ მოუწევთ ლოდინი და ინფორმაციის მიღება სხვა საშუალებებისგან, მათ შორის - სოციალური მედიისგან," - აცხადებს ჯიმ ბელი.