WADA -ას პრეზიდენტის მკაცრი მოწოდება

30 მარტი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელმა  კრეიგ რიდიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება, რათა  რუსეთის დელეგაციას აეკრძალოს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.  

რიდიმ ამის შესახებ ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე (SportsPro) განაცხადა და სოკ-ი გააკრიტიკა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ რუსეთის მიმართ გამოჩენილი ლმობიერების გამო.  „ეს არ არის საუკეთესო მომენტი სოკ-ისთვის", - აღნიშნა მან.

რიდი ერთადერთ დადებით გარემოებად იმას მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და ამ პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობა. ერთი თვის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ვალდებულია ყურად იღოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის დასკვნები, ასევე გაიზიაროს    WADA -ას მოთხოვნები.

WADA-ს  საგამოძიებო კომისიის (ხელმძღვანელი - რიჩარდ მაკლარენი) მოკვლევის საფუძველზე, რუსეთის მძლეოსანთა გუნდის წევრები, გარდა  სირგძეზე მხტომელ დარია კლიშინასი, არ დაუშვეს  რიოს ოლიმპიადაზე. ასევე, პარალიმპურმა გუნდმა სრული შემადგენლობით გამოტოვა ოთხწლეულის მთავარი სტარტი.

რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით აგორებული დოპინგსკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჟუკოვმა გამოთქვა  ვარაუდი, რომ რუს ოლიმპიელებს სერიოზული საშიშროება ელით - შესაძლოა, მათ არ მისცენ „პიონჩანგ-2018"-ში მონაწილეობის უფლება.

სოკ-მა რუსეთში დოპინგთან  დაკავშირებით არსებული ვითარების გამოსაძიებლად შექმნა ორი კომისია: სადისციპლინო  კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.