სად ჩატარდება სოკ-ის 130-ე სესია?

02 აპრილი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესია შესაძლოა პერუს დედაქალაქ ლიმაში  აღარ ჩატარდეს. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს ამ დღეებში პერუში მიმხდარი ძლიერი წყალდიდობა, რის გამოც დაიღუპა 94 ადამიანი, 700 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის 25-დან  12 რეგიონი სტიქიამ საგრძნობლად დააზიანა.

სოკ-ის სესია, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური  თამაშების მასპინძელი უნდა გამოავლინოს, ლიმის სასტუმრო Westin Hotels-ში 13-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

მართალია, პერუს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანას შეუძლია  5-დღიან მასშტაბურ ღონისძიებას შესაფერისად უმასპინძლოს, მაგრამ სოკ-მა მაინც დაიწყო ალტერნატიული ქვეყნის და სასტუმროს შერჩევის პროცესი და მათ შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუკი სოკ-ი სესიის სხვაგან გადატანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთ-ერთ ყველაზე უფრო მისაღებ ადგილად სახელდება ოლიმპიური დედაქალაქი ლოზანა, სადაც შესაძლებელია მოკლე ვადებში მოხერხდეს სესიის ორგანიზება.

სახელდება სხვა  სავარაუდო  ვარიანტებიც. სოკ-ის სესიას შესაძლებელია უმასპინძლოს ყატარის დედაქალაქმა დოჰამ, ასევე, არაბეთის გაერთიანებული  საამიროების დედაქალაქმა აბუ-დაბიმ ან  დუბაიმ.    

თუმცა, როგორც პერუს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხოსე კინიონესმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, სოკ-ის სესიის სხვა ქვეყანაში გადატანის არანაირი გეგმა არ არსებობს. იგივეს ადასტურებენ პერუს მაღალჩინოსნებიც.

 თუ არჩევანი მაინც პერუზე გაკეთდა, ამ ქვეყნისთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა  ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარებისა, სამხრეთ ამერიკისთვის კი - მე-4. 1979 წელს სოკ-ის სესია მონტევიდეოში  ჩატარდა, 2013 წელს - ბუენოს-აირესში,  2016 წელს კი - რიო დე ჟანეიროში.