„ტოკიო-2020": ცვლილებების მოლოდინში

03 აპრილი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური თამაშების პროგრამების კომისია, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, 2017 წლის 5 მაისს დაასრულებს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების განაცხადების შესწავლას მომავალ თამაშებში ახალი დისციპლინების შეტანის თაობაზე. ამ განაცხადების საექსპერტო შეფასების შემდეგ, კომისია წლეულს, ივლისში ანგარიშს წარუდგენს სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს. სწორედ ამ კომისის რეკომენდაციის გათვალისწინებით, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის დასტურით და სოკ-ის აღმასრულებელი საჭოს გადაწყვეტილებით დადგინდება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამის საბოლოო ვარიანტი.

სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის და საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის ჯონ კოუტსის თქმით,  კომისიაში დღეისათვის შესულია 68 განაცხადი.

როგორც ცნობილია, შარშან თამაშების პროგრამას დაემატა სპორტის 5 ახალი სახეობა: ბეისბოლი/სოფტბოლი, კარატე, სკეიტბორდი, სერფინგი და კლდეზე სპორტული ცოცვა. ამის შემდეგ, საერთაშორისო ფედერაციებს შესთავაზეს წარმოედგინათ მოქმედ ოლიმპიურ პროგრამებში შესატანი საჭირო ცვლილებების და ახალი დისციპლინების ნუსხა.

„აი, ამ  შესაძლო ცვლილებებს შეისწავლის სპეციალური კომისია, თუმცა ცვლილებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ოლიმპიადის ბიუჯეტზე, - განაცხადა ჯონ კოუტსმა, - წარმოდგენილი განაცხადების უმეტესობა მიმართულია გენდერული ბალანსის დაცვისაკენ, რათა სამართლიანად განაწილდეს მამაკაცთა და ქალთა დისციპლინები."

კალათბურთის ფედერაცია ითხოვს თამაშების პროგრამაში 3х3 კალათბურთის დამატებას, კრივის ფედერაცია - ქალებში 2 ახალი წონითი კატეგორიის შემოღებას, ტყვიის სროლის ფედერაცია - სხვა დისციპლინის ხარჯზე, პისტოლეტით შერეულ გუნდურ შეჯიბრებას  50-მეტრიან დისტანციაზე. ასევე შერეული გუნდური ტურნირის შემოღების იმედი აქვთ მშვილდოსნებს  და მაგიდის ჩოგბურთელებს; ველოსპორტის ფედერაციის განაცხადი ითვალისწინებს სატრეკო და სამთო სახეობების პროგრამის გაფართოებას.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მიერ წარდგენილი წინადადება ოლიმპიურ თამაშების პროგრამაში, დამატებით,  გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ.

IJF -ის პროექტის მიხედვით, თითოეულ გუნდში იქნება 6 ძიუდოისტი - 3 ქალი (57, 70 და +70 წონებში) და 3 მამაკაცი (73, 90 და +90 წონებში). გუნდებში მხოლოდ ლიცენზიანტი სპორტსმენები შევლენ, რომლებიც მანამდე ინდივიდუალურ პირველობაში გამოვლენ. შესაბამისად, ოლიმპიელთა რიცხვი არ გაიზრდება, ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირს კი მხოლოდ ერთი საშეჯიბრო დღე დაემატება.

IJF -ის პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ტოკიოში, როგორც დაგეგმილია, 12 გუნდი იასპარეზებს,  რეიტინგით 4 საუკეთესო გუნდი განთესილი იქნება.

რაკი მომავალ ოლიმპიურ თამაშებს ძიუდოს სამშობლო - იაპონია უმასპინძლებს, სავარაუდოდ,  სოკ-ის პროგრამების კომისია, გადაწყვეტილების მიღებისას, ამ ფაქტორს გვერდს ვერ აუვლის, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, სოკ-ი დიდად არ ემხრობა თამაშების პროგრამის არსებით ზრდას.

როგორც ჯონ კოუტსი ამბობს, „ტოკიო-2020"-ზე  მედლების 310-მდე კომპლექტი გათამაშდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს.

 წინა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის 28 სახეობის 306 დისციპლინა შედიოდა.