„პიონჩანგ-2018"-ის ოლიმპიური ცეცხლი 24 ოქტომბერს დაინთება

03 აპრილი 2017

2018 წლის ზამთრის  თამაშების ოლიმპიური ცეცხლი 24 ოქტომბერს საბერძნეთში, ძველ  ოლიმპიაში დაინთება. ცეცხლი ერთი კვირა იმოგზაურებს საბერძნეთში, რის შემდეგაც, 31 ოქტომბერს, ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიალზე გადაეცემა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს.

ჩირაღდნის ადგილობრივ ესტაფეტას სპონსორობას გაუწევს კომპანია Toyota, რომელმაც უკვე გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება საბერძნეთის ოლიმპიურ კომიტეტთან.

ამ დღეებში ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ ოლიმპიაში, მოინახულეს ზევსის ტაძარი, სადაც ცეცხლი მზის სხივით დაინთება. სტუმრებს მიესალმა ოლიმპიის მერი ეფტიმის კოცასი, რომელიც ტრადიციულად წაუძღვება ცეცხლის დანთების ცერემონიას. მასპინძელთა შორის ყო საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, ოლიმპიურ ცეცხლს, რომელიც მოთავსდება სპეციალურ ამფორაში, დაანთებს ქალღმერთ ჰერას უმაღლესი ქურუმი ესტიადა. ხანმოკლე რიტუალის შემდეგ, ცეცხლი გადაეცემა პირველ მეჩირაღდნეს, ტრადიციულად, ბერძენ სპორტსმენს ( „რიო-2016"-ის ცეცხლის დანთების ცერემონიალზე ეს პატივი წილად ხვდა ტანმოვარჯიშე ელეფტერიოს პეტრუნიასს, რომელიც იმავე წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა).

საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი სამხრეთ კორეაში, ოლიმპიურ ქალაქ პიონჩანგში გაემგზავრება. „პიონჩანგ- 2018"-ის ჩირაღდანი, სიმბოლურად, 700 მილიმეტრის სიგრძისაა, ნიშნად იმისა, რომ  პიონჩანგი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლი პირველად გამოჩნდა ოსლოში, 1952 წელს.