ჩრდილოეთ კორეა „პიონჩანგ-2018"-ში მონაწილეობას აპირებს

03 აპრილი 2017

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც მომავალ წელს  სამხრეთ კორეის ქალაქ  პიონჩანგში გაიმართება.  ჩრდილოეთ კორეის სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით,  ქვეყანა „პიონჩნგ-2018"-ში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნის რაც შეიძლება მეტ კვალიფიციურ სპორტსმენს.

„პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ  ლი ჰი-ბომი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს უფლება და მოვალეობა მიიღოს მონაწილეობა მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიადაში.

 ლი ჰი-ბომიმ მისთვის დასმულ შეკითხვაზე: ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ვითარება ხომ არ გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ არ მიიღოს მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიადაში? - უპასუხა, რომ  ის „ოპტიმისტურად არის განწყობილი და ოლიმპიურ თამაშებში  ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობას მხოლოდ მიესალმება, რადგან ეს  ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებას". მისივე თქმით, „პიონჩანგ-2018"-ის ძირითადი მისიაც სწორედ მშვიდობის ხელშეწყობაა.

სამხრეთ კორეამ პირველად 1988 წელს უასპინძლა ოლიმპიადას - სეულში გაიმართა ზაფხულის 24-ე ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიური მოძრაობა, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, 1988 წელს კვლავ დადგა ბოიკოტის საშიშროების წინაშე, რადგან სსრ კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებს სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თამაშების თანამასპინძლობა მოითხოვა.მთელი სამი წლის განმავლობაში სოკ- დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან და სთხოვდა მას, დაეთმო რამდენიმე სახეობა ან რამდენიმე დისციპლინა მაინც. როცა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, ჩრდილოეთ კორეამ ბიოკოტი გამოუცხადა ოლიმპიადას. სოლიდარობის ნიშნად, სეულში ჩასვლაზე უარი განაცხადეს კუბისა და ეთიოპიის სპორტსმენებმა. შიშობდნენ, რომ ბოიკოტს მხარს დაუჭერდა სსრ კავშირიც, მაგრამ ასე არ მოხდა და სეულში 12 წლის შემდეგ კვლავ გახდა შესაძლებელი ერთმანეთს სპორტულ სარბიელზე შეხვედროდნენ აშშ-ის, სსრკ-ისა და გდრ-ის გუნდები.

ბოლო დროს სამხრეთ კორეაში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში ჩრდილოეთ კორეაც მონაწილეობდა - 2002 წელს  ქალაქ პუსანში და 2014 წელს ქალაქ ინჩხონში ჩატარებულ აზიურ თამაშებში.

გასულ კვირას სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეას მისი ფეხბურთელების უსაფრთხოების გარანტიები მოსთხოვა. ისინი მონაწილეობას ღებულობენ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ტურნირში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 3-11 აპრილს გაიმართება. 7 აპრილს ორი კორეის  ქალ  ფეხბურთელთა  გუნდებს შორის გაიმართება შესარჩევი მატჩი.