WADA-ს დასკვნა: 2015 წელს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში ლიდერია რუსეთი

04 აპრილი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ  (WADA) 2015 წელს ანტისადოპინგო წესების დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთს ლიდერის პოზიცია უკავია.

„ექსპრტიზის დასკვნის მიხედვით, 2015 წელს რუსეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დოპინგის გამოყენების თვალსაზრისით - აკრძალული ნივთიერების კვალი აღმოაჩნდა 176 რუს სპორტსმენს,  რომლებიც  ინსტიტუციური შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ, რათა მოეპოვებინათ მედლები 2011-2015 წლებში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში," - ნათქვამია WADA-ს დასკვნაში. 

დასკვნის მიხედვით, სპორტსმენების მიერ ანტისადოპინგი წესების 129 დარღვევა დაუდასტურდათ იტალიელებს; ამ სიაში მესამე პოზიციაზეა ინდოეთი - 117. პირველ ათეულში  ასევე არიან  საფრანგეთი (84), ბელგია (67), სამხრეთ აფრიკა (59), თურქეთი (59), ჩრდილოეთ კორეა (51), აშშ (50) და ირანი (48).

2015 წელს სპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტი -  270  დარღვევა გამოვლინდა ბოდიბილდინგში. მას მოჰყვებიან  მძლეოსნობა - 242 და ძალოსნობა  - 239. დოპინგის მიღებაში მხილებულთა ათეულში მოხვდნენ აგრეთვე  ველოსპორტი - 200, პაუერლიფტინგი - 110,  ფეხბურთი -108.

WADA-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ 2015 წელს სულ გამოვლინდა ანტისადოპინგო წესების დარღვევის 1929 ფაქტი - 122 ქვეყნის სპორტსმენსა და სპორტის 85 სახეობაში. წინა წლებთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა დამრღვევ სპორტსმენთა დასჯის მაჩვენებელი.

 „ანტისადოპოინგო წესების დარღვევის შესახებ 2015 წლის ანგარიში განსაკუთრებით საინტერესოა და თანხვედრაშია WADA-ს ტესტირების თაობაზე გაკეთებულ  ანალიზთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ანტისადოპოინგო ტესტირება და მისი წესების დაცვის თაობაზე არსებული მოკვლევები კვლავ რჩება საციცოცხლოდ მნიშვნელოვან  პროცესად, რადგან ჩვენ ვცდილობთ მთელ მსოფლიოში დავიცვათ   წესიერ სპორტსმენთა უფლებები," - განაცხადა სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ.

„2015 წლის ანგარიში საფუძველს გვაძლევს  გავამკაცროთ ანტისადოპინგო წესების მარეგულირებელი კოდექსი და გავაძლიეროთ პრევენციული მექანიზმები, ასევე, უფრო მეტი პრევენციული განათლება შევიტანოთ ანტისადოპინგო საქმიანობაში. განათლება ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სპორტსმენებთან ერთად უნდა განვიხილოთ  დოპინგის საკითხები, მათ უნდა ავუხსნათ, რატომ უნდა თქვან უარი დოპინგის მიღებაზე, " - ასეთია სააგენტოს გენერალური დირექტორის ოლივერ ნიგლის მოსაზრება.