ჰოკეის ეროვნულ ლიგის (NHL) საკამათო გადაწყვეტილება

05 აპრილი 2017

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ლიგის მოთამაშეები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ გამოვლენ. მოთამაშეთა პროფკავშირმა ასევე დაადასტურა, რომ არ აპირებს დაიყოლიოს კლუბები ოლიმპიადაში მონაწილეობაზე და არ ჩაერთვება ამ დისკუსიაში.  

ეროვნული ლიგის მოთამაშეები ბოლო ხუთი ოლიმპიადის უცვლელი მონაწილეები იყვნენ, თუმცა ამჯერად ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რაც, პირველ ყოვლისა,  ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასა (IIHF) და  ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL) შორის უთანხმოებამ გამოიწვია.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია ჰოკეის ეროვნული ლიგის გადაწყვეტილების გამო.

„კომისარ დერი ბეტმანის გადაწყვეტილებამ იმედი გაგვიცრუა და ძალიან ბევრ გულშემატკივარს დასწყვიტა გული. მართალია, ჩვენ გვესმის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა და ამ გადაწყვეტილებით წააგებს ჰოკეი," - აცხადებს რენე ფაზელი.

ამავე ფედერაციის გენერალური მდივანი ჰორსტ ლიხტნერი შედარებით ოპტიმისტურად არის გამწყობილი და ჯერ კიდევ იმედია აქვს, რომ მოლაპარაკება მიღწეული იქნება.  

„ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ ამ საკითხს. ჰოკეისტებს სურთ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში, მათ ბოლო ექვსი თვის მანძილზე არერთხელ განაცხადეს ამის შესახებ... ამ დროს მოთამაშეთა პროფკავშირი დუმს,  არ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ არ ვაკლებთ ძალისხმევას, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საუკეთესოდ ჩატარდეს და ამ დროს არის მხარე, რომელიც არაფერს აკეთებს და მხოლოდ ითხოვს. მოლაპარაკების პროცესში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს, რათა   შედეგი მივიღოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია," - აცხადებს ჰორსტ ლიხტნერი. 

ამ საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებულად საუბრობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, თუმცა არც ის გამორიცხავს, რომ მიუხედავად NHL-ის გადაწყვეტილებისა, ზამთრის  ოლიმპიურ თამაშებში  გულშემატკივრები მაინც იხილავენ ჰოკეის ვარსკვლავებს:  „მათი გადაწყვეტილება გულშემატკივრებისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება,  ასევე თავად ჰოკეისტებისთვის, რომლებსაც უნდათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. NHL-ს შესთავაზეს იგივე პირობები, რაც წინა ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, ცხადია, მათ გაცილებით მეტი სურთ და რა - ეს ჩვენთვის უცნობია. წინადადება, რომელიც შეეხებოდა მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯების დაფარვას, მათ ამჯერადაც შესთავაზეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებთ," - განაცხადა თომას ბახმა, რომელიც იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველასთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

ჰოკეის ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით ასევე გამოქვეყნდა სოკ-ის ოფიციალური განცხადება, სადაც  ნათქვამია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს, რომელიც თავისი შემოსავლების 90 პროცენტს მსოფლიოში სპორტის განვითარებას ახმარს,  ეროვნულ კომერციულ ლიგასთან ვერ ექნება იმაზე პრივილეგირებული დამოკიდებულება, ვიდრე იმ საერთაშორისო არაკომერციულ სპორტულ ფედერაციებთან, რომლებიც სპორტს მთელს მსოფლიოში ანვითარებენ.

ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, „პიონჩანგ-2018"-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეისტთა ტურნირი იქნება ძალიან საინტერსო, რადგანაც მასში მონაწილეობას მიიღებენ ჰოკეის სხვა პროფესიული ლიგების მოთამაშეები, რომლებსაც გულითადად მიესალმებიან მათი ოლიმპიური გუნდები."