თომას ბახი სპორტულ საზოგადოებას ინოვაციებისკენ მოუწოდებს

05 აპრილი 2017

დანიაში, ქალაქ ორჰუსში  მიმდინარე „სპორტაკორდის" მასშტაბურ ფორუმზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სპორტულ საზოგადოებას მსოფლიოსთვის  სპორტის  და სპორტული ინოვაციების მნიშვნელობა შეახსენა.

„ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში და სპორტის როლი საზოგადოებაში მუდმივად იცვლება. ინოვაციები არის  ახალ რეალობასთან ადაპტაციის გასაღები. საერთაშორისო ფედერაციები და სხვა სპორტული ორგანიზაციები იმყოფებიან ამ სწრაფად ცვალებადი ლანდშაფტის წინა რიგებში, ბევრი თქვენთაგანი ყოველდღიურად გვთავაზობს რაღაც ახალს,"  - განცხადა თომას ბახმა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო ფედერაციების კონსტრუქციულ თანამშრომლობას „რიო-2016"-ის მიმდინარეობისას და გამოთქვა იმედი, რომ აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

თავის გამოსვლაში თომას ბახმა ისაუბრა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რეფორმირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალი სისტემა და ის უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, როგორც სპორტული ორგანიზაციებისგან, ასევე, ეროვნული ინტერესებისგან.

 „სამყაროში, სადაც სპორტში სამართლიანობას და ნდობას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ ინტერესთა კონფლიქტის აღქმაც კი," - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, დამოუკიდებელი სისტემის შექმნა დაეხმარება საერთაშორისო ფედერაციებსაც, რათა თავი დაიცავან შეცდომებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან. 

ბახმა ისაუბრა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის გეგმაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი სტრუქტურის  არსებობით მოიგებენ საერთაშორისო ფედერაციები, რადგანაც გარანტირებული იქნება ცალკეულ სპორტულ სახეობებში  სპორტსმენების ტესტირების გამჭვირვალობა და მდგრადობა.

სოკ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის  შერჩევის პროცესის რეფორმირებაზეც. 

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც  გვიწევს  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ძალზე რთულია გამარჯვებული კანდიდატურის გამოვლენა. ახლა ამ პროცესს ჰყავს ძალიან ბევრი დამარცხებული. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს, რომ ავირჩიოთ სპორტსმენებისთვის საუკეთესო მასპინძელი ქალაქი, უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ სისტემა, რათა  ეს პროცესი  იყოს უფრო იაფი, უფრო მოქნილი და ეფექტური, უფრო რაციონალური," - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა.