მშვიდობა და სპორტი - იყავი იმის ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია!

06 აპრილი 2017

2013 წელს გაეროს 67-ე ასამბლეის დადგენილებით, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოცხადა და მსოფლიოს მასშტაბით პირველად  2014 წელს აღინიშნა. გაეროს ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

თარიღი - 6 აპრილი  სიმბოლურად იქნა შერჩეული: 1896 წლის 6 აპრილს ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. სწორედ ოლიმპიადების აღორძინების თარიღს ემთხვევა უმნიშვნელოვანესი სპორტული დღე.

„სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის" - ასეთია წლევანდელი ღონისძიების დევიზი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწოდებით და ჩვენი ქვეყნის სპორტული და სასწავლო ორგანიზაციების აქტიურობით, სხვადასხვა თაობის მრავალი წარმომადგენელი ჩაერთო სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში, მათ შორის - ე.წ. „თეთრი ბარათის" აქციაში, რაც ასოცირდება მშვიდობასთან და თავისუფლებათან.

აქცია იმართება მთელს მსოფლიოში, ორგანიზაცია „სპორტი და მშვიდობის" ინიციატივით და მონაკოს მმართველის, ალბერ მეორის პატრონაჟით. აქციას შეუერთდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის წევრები, რომლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ სეოკ-ის ოფისში. კომისიის თავმჯდომარემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა ისაუბრა სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სოლიდარული, მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. ვარლამ ლიპარტელიანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რვაგზის ოლიმპიელმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა  ნინო სალუქვაძემ  და კომისიის სხვა წევრებმა  სამახსოვრო სურათები გადაიიღეს „თეთრი ბარათით" ხელში.

სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური კომიტეტის თაოსნობით და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქ ქუთაისში.