„ტოკიო-2020"-ის საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა

07 აპრილი 2017

„ტოკიო-2020"-ის იაპონელმა ორგანიზატორებმა პროგრამა „Yoi Don!" ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს. პროგრამის მიზანია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების შესახებ იაპონელი ახალგაზრდების ინფორმირება.

პროექტის ფარგლებში ამუშავდა სპეციალური ვებგვერდიც. „ტოკიო-2020"-ის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია ამ პროგრამით ისარგებლოს იაპონიის ყველა პრეფექტურის მაცხოვრებლებმა. პირველ ეტაპზე საგანმანათლებლო პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელდება, ივლისიდან კი იგი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყება.

ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ძალოსანი ჰირომი მიაკე და პარალიმპური თამაშების ბრინჯაოს პროზიორი ჩოგბურთში უი კამიჯი „Yoi Don!"-ის ფარგლებში შეხვდნენ და ესაუბრნენ ქალაქ ჩიბას სკოლის მოსწავლეებს, გაუზიარეს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები.

„რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელი ენთუზიაზმით ესალმებოდა ყველა სპორტსმენს, განურჩევლად ეროვნებისა. ძალზე ბედნიერი ვიყავი, როცა მგულშემატკივრობდნენ, მაშინ როცა წარმატებას მივაღწევდი და მაშინაც, თუ რაიმე   არ გამომივიდოდა.  მინდა, 2020 წელს თქვენ უგულშემატკივროთ და გაამხნევოთ სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან და არა მხოლოდ იაპონიიდან," - განუცხადა მოსწავლეებს მიაიკემ.