2017 წლის 7 აპრილს სეოკ-ში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) მეორე სემინარი

07 აპრილი 2017

სემინარის დასაწყისში ASMC -ის მონაწილეებს  მიესალმა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.  სემინარის პირველი  ნაწილი დაეთმო MOSO-ს  (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემების განხილვას, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ეროვნული ოლიმპიური აკადემიიდან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მოწვეული სპორტის ექსპერტები.

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო მონაწილეების მიერ დამუშავებულ პრეზენტაციებს სპორტული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვის, სტრატეგიული მართვის, მარკეტინგის, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზების და სხვა პრობლემატიკას.  

სემინარი მეტად საინტერესო და ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა კონკრეტული  საკითხის გარშემო წამოჭრილ დისკუსიებში.

სპორტის ადმინისტრატორებმა, მწვრთნელებმა, მოხალისეებმა და  სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს  ინფორმაცია და გამოცდილება მათ  სპორტულ  ორგანიზაციებში არსებული  ვითარების შესახებ, განიხილეს ძლიერი და სუსტი მხარეები, წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები არსებული სიძნელეების გადალახვის კუთხით. 

მენეჯმენტის კურსების მონაწილეები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას მათ მიერ შერჩეულ თეზისებზე, ხოლო ოლიმპიური კომიტეტი ASMC -ის პროგრამის ფარგლებში დამუშავებულ თემებს წარუდგენს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომით ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციის მართვაში.