მაღალი შეფასება

08 აპრილი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო  სააგენტომ (WADA) საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის (IPC)  ანტისადოპინგო პროგრამას „რიო-2016"-ის პარალიმპურ თამაშებზე მაღალი შეფასება მისცა. 

WADA-ს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა განახორციელა ისეთი ანტიდოპინგური ღონისძიებები, რომლებიც მისაბაძია სხვა ორგანიზაციებისთვის და მასშტაბური შეჯიბრებების ორგანიზატორებისთვის. როგორც WADA-ს ექსპერტები აცხადებენ,  პარალიმპელთა გუნდმა რიოს ოლიმპიადაზე თავისი ანტისადოპინგო პროგრამით უმაღლესი შედეგები  აჩვენა.

 „საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის ანტიდოპინგურმა და სამედიცინო კომიტეტებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ასევე მსოფლიოს ანტისადოპინგო  სააგენტოს რიოში გაწეული საქმიანობისთვის," - განაცხადა IPC-ს  სამედიცინო-სამეცნიერო დირექტორმა პიტერ ვან დე ვლიეტმა. მისივე ინფორმაციით, ანტისადოპინგო  ჯგუფმა IPC-ს  ფასეული რეკომენდაციები მისცა, რომლებსაც სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინებენ.   

 აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პარალიმპურ თამაშებში რუსეთის გუნდი არ მონაწილეობდა. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის მეთაურის რიჩარდ მაკლარენის   კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომლითაც გამოითქვა ვარაუდი, რომ რუს სპორტსმენთა დოპინგგარიგებებში სახელმწიფოც იყო ჩარეული, საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა რუსეთს აუკრძალა 2016 წლის პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობა.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ გადაწყვეტილების გამო დიდი უკმაყოფილება გამოთქვა, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კომიტეტის ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. რუსეთის მიმართვა აკრძალვის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა არც შვეიცარიის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ და არც ფედერალურმა სასამართლომ. ამის გამო, რუსეთმა შექმნა პარალიმპური თამაშების ალტერნატიული ვერსია, რომლის გახსნის ცერემონიაზეც მოსკოვში რუსეთის სპორტის მაშინდელმა მინისტრმა ვიტალი მუტკომ  საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი გააკრიტიკა. 

IPC-ის გადაწყვეტილება მკვეთრად განსხვავდებოდა სოკ-ის პოზიციისგან, რომელმაც დოპინგსკანდალში გახვეული რუსი სპორტსმენების მიმართ გადადო გადაწყვეტილების მიღება და  რუსეთს  „რიო-2016"-ში მონაწილეობის უფლება მისცა.