ლაშა ტალახაძის ევროპული ოქრო და მსოფლიოს რეკორდი

08 აპრილი 2017

ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოვიდა ქართველი მძიმეწონოსანი, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მან ორჭიდში 467 კგ მოაგროვა და მეორედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული, ამასთან - ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა -217 კგ (ეს შედეგი 1 კილოგრამით აღემატება ირანელი სალიმ კორდასიაბის წინა რეკორდს, რომელიც მან 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე დაამყარა).

ლაშას ექვსივე ცდა შედეგიანი გამოდგა: ატაცი 203 კილოგრამით დაიწყო, მეორე მისვლისთვის 210 კგ შეუკვეთა, ბოლოს - სარეკორდო 217 კგ და სამივე ეს წონა დამაჯერებლად დაძლია. რაც შეეხება ორჭიდის მეორე დისციპლინას, ტალახაძემ 238, 245 და 250 კგ აკრა, რაც საკმარისზე მეტი გამოდგა საბოლოო გამარჯვებისთვის.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტალახაძისთვის ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი შეჯიბრება: უფრო ადრე, 2016 წლის დეკემბერში მან მოიგო ისრაელში გამართული 23-წლამდელმა ევროპის ჩემპიონატი (ატაცი-205 კგ, აკვრა-235 კგ, ორჭიდის ჯამი-440 კგ) და უახლოეს მეტოქეს 42 კილოგრამით აჯობა. ამჯერად, სპლიტში მან მეორე ადგილზე გასულ სომეხ ძალოსანს, გორ მინასიანს 21 კილოგრამით მოუგო.

სპლიტში ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატის ოქროს სამი მედალი გადასცეს - ცალკეულ დისციპლინებში და ორჭიდში ნაჩვენები საუკეთესო შედეგისთვის.

ატაცში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო მეორე ქართველმა მძიმეწონოსანმა, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ. მან მიყოლებით აიტაცა 190, 197 და 201 კგ, თუმცა, სამწუხაროდ, ფეხის ტრავმა გაურთულდა და აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

„ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესი ძალოსანია, - ამბობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, - თავდაჯერებულად გამოვიდა და ოლიმპიური ჩემპიონის შესაფერისი შედეგი აჩვენა, თანაც მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა. ის ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მზარდი სპორტსმენია და ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ არაერთი ახალი გამარჯვებით გაგვახაროს. ოლიმპიური კომიტეტის სახელით ვულოცავ მას ევროპის ჩემპიონის მორიგ ტიტულს და მსოფლიოს რეკორდს. ასევე ვულოცავ ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც, როგორც ადრე არაერთხელ გაუკეთებია, ბოლომდე იბრძოლა და ატაცი მესამე შედეგით დაამთავრა. დასანანია, რომ ტრავმამ შეჯიბრების გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ჩვენი ძალოსნები ამ დღეებში მეორე ფრონტზეც იბრძვიან - ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები. გარდა მედლებისა, იქ ასევე განაწილდება 2018 წლის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. იმედი გვაქვს, რომ ქართულ ოლიმპიურ დელეგაციაში ძალოსნებიც იქნებიან."