სპორტაკორდი სახელს იცვლის

09 აპრილი 2017

საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გლობალური ასოციაცია (GAISF) _ ამიერიდან ასე იწოდება 1967 წლიდან არსებული და სკანდალურად ცნობილი სპორტული ორგანიზაცია სპორტაკორდი, რომელსაც 2016 წლამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარკუს ვიზერი ხელმძღვანელობდა. 2015 წელს, სოჭში გამართულ სპორტაკორდის ფორუმზე ვიზერმა მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მის პრეზიდენტს თომას ბახს კი რეტროგრადობაში დასდო ბრალი. ვიზერის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა უმეტესი წევრი ორგანიზაციებისთვის, ამიტომაც ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სპორტაკორდის პრეზიდენტის პოსტი.

დანიის ქალაქ ორჰუსში ამ დღეებში გამართულ სპორტაკორდის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, GAISF -ის პრეზიდენტად რჩება შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი, რომელიც თომას ბახის მხარდაჭერით სარგებლობს. ბაუმანი ამბობს, რომ GAISF -ის ისტორიაში ახალი და ძალზე მნიშვნელივანი ეტაპი იწყება: „ჩვენ დავხურეთ ძველი წიგნი და ფართოდ გავუღეთ კარი სიახლეებს, _ განაცხადა ბაუმანმა, რომელიც ამავე დროს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანიცაა, _ წარსულში იყო ბევრი პოზიტივი, იყო პრობლემებიც, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს,  ჩვენ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ოტიმიზმით ვუყუროთ მომავალს."

GAISF -ი ასამდე საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციას აერთიანებს. ბოლო ასამბლეაზე წევრობა აღიდგინეს ტყვიის სროლისა და ნიჩბოსნობის ფედერაციებმა, ახალი წევრები გახდნენ საუნივერსიტეტო სპორტის და ჰოკეის საერთაშირისო ფედერაციები, ასოცირებულ წევრებად მიიღეს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაცია. საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა გახდეს GAISF -ის წევრი.