მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემაჯამებელი პრესკონფერენცია სეოკ-ში

10 აპრილი 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც შეაჯამეს ახლახანს ჰელსინკიში გამართული მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფინეთში წარმატებული გამოსვლა მიულოცეს ნიჭიერ ქართველ სპორტსმენს მორის ყვითელაშვილს, მის მწვრთნელებს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციას.

შეეგახსენებთ, რომ  22 წლის ყვითელაშვილმა  (ვარჯიშობს მოსკოვში, საქართველოს სახელით გამოდის 2016 წლიდან) მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-19 შედეგი აჩვენა, თავისუფალში - მე-11, საბოლოოდ კი 239,24 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა. ამავე დროს, ის გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ლერი ხაბელოვმა ისაუბრა  ყვითელაშვილის წარმატებულ დებიუტზე, გაიხსენა მის მიერ მოპოვებული მეექვსე ადგილი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე, რასაც მოჰყვა მსოფლიოს ჩემპიონატზე  ჩინებული გამოსვლა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის აღება: „მორისის ეს წარმატება ერთგვარი სტიმული იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომლებიც ასევე ოლიმპიადის საგზურებისთვის იბრძვიან. იმედი გვაქვს, რომ პიონჩანგში, მინიმუმ, ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება. ჩვენ, სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაისად კორეაში ოპტიმალური შემადგენლობით გავემგზავროთ," - განაცხადა ხაბელოვმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ვულოცავ ყველას, ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა შეძლო ლიცენზიის მოპოვება. ზამთრის სახეობების განვითარების კუთხით სპეცილური პროგრამა შევიმუშავეთ და გვჯერა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ოლიმპიელი გვეყოლება. ამასთან, ვზრუნავთ სპორტული სკოლების აღორძინებაზე და მასობრიობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს საბოლოო შედეგებზე. მომდევნო ოლიმპიადებზე კი აუცილებლად ბევრად მეტი სპორტსმენი გვეყოლება."

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა გაიხსენა მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიები, მსაჯობაში არსებულ ხარვეზები, ისაუბრა  ყვითელაშვილის პერსპექტივებზე და იმედი გამოთქვა, რომ  ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მორისი ოლიმპიადას საუკეთესო სპორტულ ფორმაში შეხვდება. გიორგობიანმა ქართული სპორტის ხელმძღვანელთა წინაშე დააყენა საკითხი თბილისში თანამედროვე საციგურაო კომპლექსის აშენების აუცილებლობის შესახებ.

პრესკონფერენციაზე აჩვენეს მორის ყვითელაშვილის მსფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის ვიდეოჩანაწერი, ბოლოს კი, სკაიპის მეშვეობით თავად სპორტსმენს დაუკავშირდნენ მოსკოვში და უშუალოდ კიდევ ერთხელ მიულოცეს ოლიმპიური ლიცენზია.

 მორის ყვითელაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლებლობა აქვს გამოვიდეს საქართველოს სახელით და ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილ, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფიგურული ციგურაობის მწვრთნელები და მსაჯები.