ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია ძალოსნებმა მოიპოვეს

10 აპრილი 2017

დღეს, 10 აპრილს ბანკოკში დასრულდა 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. მართალია, ქართველები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ, თუმცა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ერთი ლიცენზია მაინც მოიპოვეს.

როგორც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა ბანგკოკიდან გვაცნობა, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები XV ადგილზე გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვერგო ერთი ოლიმპიური ლიცენზია. გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული 71 ქულა 4 ძალოსნის ანგარიშზე მოდის. ლიცენზიები I-XVIII ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გადანაწილდა.

კახიაშვილს იმედი აქვს, რომ გაისად გასამართ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში კიდევ ერთი ლიცენზია შეგვემატება. ახალგაზრდული ოლიმპიადის დებულების თანახმად, თოთოეულ ქვეყანას სულ 4 ძალოსნის (2-2 გოგონა და ვაჟი) წარდგენის უფლება აქვს: გოგონებში _ 44, 48, 53, 58, 63, +63 კგ კატეგორიებში, ვაჟებში _ 56, 62, 69, 77, 85, +85 კგ კატეგორიებში. ნაკრების მწვრთნელები თავად წყვეტენ, რომელ წონაზე გააკეთებენ არჩევანს.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2018 წლის წლის 6-18 ოქტომბერს ბუენოს აირესში გაიმართება.

ახალგაზრდული თამაშების პროგრამა მოიცავს ყველა 28 ოლიმპიურ სახეობას, თუმცა ზოგიერთი სახეობა წარმოდგენილი იქნება არაოლიმპიური დისციპლინებით. მაგალითად, ფეხბურთელები ერთმანეთს ფუტზალში შეეჯიბრებიან, კალათბურთელები - სამკაცა კალათბურთში, ტანმოვარჯიშეები - აკრობატიკაში. თამაშების პროგრამას ასევე დაემატა კარატე, კლდეზე ცოცვა და ბრეიკ-დანსი.

არგენტინაში შეიკრიბებიან მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 15-18 წლის სპორტსმენები, რომლებსაც  ბუენოს აირესის საგზურის მოსაპოვებლად 2017-2018 წლებში საკმაოდ რთული სალიცენზიო ტურნირები ელით.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.