საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია: სოკ-ის 130-ე სესია ლიმაში ჩატარდება

13 აპრილი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დაადასტურა, რომ  სოკ-ის 130- სესია, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, პერუს დედაქალაქ ლიმაში  ჩატარდება. არადა, მას შემდეგ, რაც მარტში პერუში ძლიერი წყალდიდობა მოხდა, სესიის შესაძლო  გადატანის შესახებ თავად სოკ-ის მაღალჩინოსნები საუბრობდნენ.

ერთ-ერთ ყველაზე უფრო მისაღებ სათადარიგო ადგილად სახელდებოდა ლოზანა, ასევე ყატარის დედაქალაქი დოჰა, არაბეთის გაერთიანებული  საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი ან დუბაი.  

ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, სოკ-მა 600 ათასი დოლარი გადარიცხა პერუში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც სოკის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, „აღმასრულებელი საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება  შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოლიდარობის გამოხატულება პერუელი ხალხის მიმართ. ასევე, ეს არის მხარდაჭერა ქვეყნის მთავრობისა, რომელმაც ჩვენ დაგვარწმუნა, რომ სესია ორგანიზებული იქნება უმაღლეს დონეზე."

თავის მხრივ, პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ სოკ-ის სესიის მასპინძლობა ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად შეაფასა: „მთელი მსოფლიოს ყურადღება პერუსკენ იქნება მოპყრობილი და  დარწმუნებული ვარ, სესიის ჩატარება ყველასთვის ნიშანი იქნება იმისა რომ, საგანგებო სიტუაციის მიუხედავად, პერუ მზად არის მიიღოს ასეთი მასშტაბური ღონისძიება. ჩვენთან ჩამოვა რამდენიმე ქვეყნის მეთაური, არაერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი და 2000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა სოკ-ის სესიის ორგანიზებისთვის."

სოკ-ის 130-ე სესია, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური  თამაშების მასპინძელი უნდა გამოავლინოს, ლიმის სასტუმრო Westin Hotels-ში 13-17 სექტემბერს გაიმართება.