ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ შეიმუშავა მოჭიდავეთა განთესვის ახალი წესი

19 აპრილი 2017

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მოიწონა მოჭიდავეთა განთესვის ახალი მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.  

UWW -ის გადაწყვეტილებით, განთესვისას გათვალისწინებული იქნება 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების, არაოლიმპიურ წონებში ბუდაპეშტში შარშან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე 2017 წლის კონტინენტური  ჩემპიონატების შედეგები. 

ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს დაერიცხებათ 25 სარეიტინგო ქულა, ვერცხლის მედალოსნებს - 20 ქულა, ბრინჯაოს მედალოსან 2-2 მოჭიდავეს - 15 ქულა, მეხუთე ადგილოსნებს - 10 ქულა. მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებზე გასულები მიიღებენ შესაბამისად 8, 6, 4 და 2 ქულას.

კონტინენტური ჩემპიონებისთვის დაწესებულია 12 სარეიტინგო ქულა, ყოველი მომდევნო ადგილებისთვის (მერვე ადგილის ჩათვლით) - ყოველ ჯერზე 2-2 ქულით ნაკლები.

გარდა ამისა, ასევე გათვალისწინებული იქნება სარეიტინგო შეჯიბრებებში ცალკეულ წონით კატეგორიებში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა, რაც აისახება შესაბამის ბონუს-ქულებში.

თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი ჩატარდება პარიზში, 21-26 აგვისტოს.

ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას UWW -ის ბიუროს წევრები კენჭს უყრიან  UWW -ის ტექნიკური კომისიის მიერ შემუშავებულ სიახლეთა პაკეტს. ამ პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წონების რაოდენობა რვიდან ათამდე იზრდება. ტურნირები  ჩატარდება ორდღიანი განრიგით. მოჭიდავეების აწონვის პროცედურა  შეჯიბრების დღეს მოეწყობა, მეორე დღეს კი დასაშვებია წონაში ორკილოგრამიანი სხვაობა.