„რიო-2016"-ის ორგანიზატორების ფინანსური პრობლემები

21 აპრილი 2017

„რიო-2016"-ის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებს კონტრაქტორებისთვის ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ  სოლიდური დავალიანება  - 28 მილიონი აშშ დოლარი.

„რიო-2016"-ის ოფისი, როგორც იურიდიული პირი, ფუნქციონირებას მანამდე ვერ შეწყვეტს,  ვიდერ  ვალებს არ გაისტუმრებს და არ დასრულდება ამის გამო მიმდინარე სასამართლო საქმეები.

„რიო-2016"-ის კომუნიკაციების დირექტორის მარიო ანდრადას განცხადებით, „რიო-2016"-ის ორგანიზატორები ცდილობენ მოლაპარაკებები აწარმოონ ცალკეულ მომწოდებლებთან, რათა დავალიანება გაისტუმრონ   ნატურით, მაგალითად, ტექნიკით და ელექტრომოწყობილობებით. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დავალიანების გადავადებასა და ფასდაკლებებზე.  

მარიო ანდრადა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ  ATR-ს   (ბილეთების ავტორიზებული გამყიდველი ორგანიზაცია) ანგარიშს უმოკლეს ვადებში გაუსწორებენ. საუბარია  დაბრუნებული ბილეთების ხარჯის დაფარვაზე. ცოტა ხნის წინ  ATR-მ  სოკ-ს მიმართა და თხოვა დახმარება მიმდინარე დავის მანამდე გადაჭრაში, სანამ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვას დაიწყებს.

რიოს საორგანიზაციო კომიტეტი ირწმუნება, რომ  გამოუჩნდა სპონსორები, რომლებიც დაეხმარებიან სიტუაციის დარეგულირებაში.  მათ ასევე მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ ქალაქის ახალი მთავრობისა, რომელსაც ახალი მერი მარსელო კრიველა მეთაურობს.  ცნობილია, რომ ქალაქის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ედუარდო პაესოს მეთაურობით, რიოს ორგანიზატორებს შარშან, აგვისტოში პარალიმპური თამაშების ჩასატარებლად დამატებით 46 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, თუმცა, ამ თანხის ნახევარი ორგანიზატორებს ჯერაც არ მიუღიათ.  

რიოს ორგანიზატორები მხარდაჭერას არ ელიან შტატის ხელისუფლებისგან, რომელიც თავადაც მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის.

ანდრადა აცხადებს, რომ  დამატებით სუბსიდიებს არ ელიან სოკ-ისგანაც, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, სოკ-ი მათ გვერდში დაუდგება.

„რიო-2016"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი კარლოს ნუზმანი კვლავ თავის პოსტზე რჩება, თუმცა ამ ეტაპზე სხვა პრობლემით არის დაკავებული:  26 აპრილს დანიშნულ არჩევნებში ის ეცდება დაიკავოს პანამერიკული სპორტული ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობა.