ევროპის გუნდური ჩემპიონის მეცხრე ტიტული

23 აპრილი 2017

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეცხრედ მოიპოვა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული.

ვარშავაში გამართული ევროპული ჩემპიონატის ბოლო დღე წარმატებული გამოდგა ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც ფინალში უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 აჯობა რუსეთის ნაკრებს. ქართველებს ოქროს ქულა მოუტანა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, 22 წლის უაღრსესად ნიჭიერმა ფალავანმა - ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ტიუმფატორმა პირად პირველობაში. მან კრიტიკულ მომენტში, როცა ანგარიში იყო 2;2 და ყველაფერს ბოლო ბრძოლა წყვეტდა, რუს რენატ საიდოვთან  იშვიათი შემართებით და ოსტატობით იჭიდავა და ეფექტური კისრულით წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიის (4:1), სერბეთის (4:1) და უკრაინის (3:2) გუნდები დაამარცხეს.