„ტოკიო-2020" და გენდერული თანასწორობა

24 აპრილი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ტოკიო-2020"-თან დაკავშირებით ერთ-ერთ  პრიორიტეტად  გამოაცხადა გენდერული ბალანსის დაცვა. სოკ-ი პირობას დებს, რომ  2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გენდერული ბალანსი სრულად - 50/50-ზე იქნება დაცული. 

სოკ-ის  მიერ 2020 წლის თამაშებისთვის გასატარებელი  რეფორმებიც, უმთავრესად, ამ მიზანს მოემსახურება.  შესაბამისად, იგეგმება ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ახალი დისციპლინებისა და ღონისძიებების დამატება.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 13 აქტიური წევრიდან სამი ქალია. მათ შორის არის  გუნილა ლინდბერგი, რომელიც აცხადებს, რომ გენდერულ თანასწორობასთან  დაკავშირებით არსებული ნებისმიერი შეუსაბამობა 2020 წლამდე აღმოიფხვრება.

„მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, იმ ქვეყნებისთვის, სადაც ნაკლებად არის განვითარებული ქალთა სპორტი, ეს იქნება სიგნალი, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ გენდერული თანასწორობის დაცვას. ამ მიზნის მისაღწევად ოლიმპიურ თამაშებზე ახალ დისციპლინებსა და ღონისძიებებს დავამატებთ. ყველა ფედერაცია ვალდებულია  პრიორიტეტად აქციოს სქესთა თანასწორობა," - ამბობს გუნილლა ლინდბერგი, რომელიც ამავე დროს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის გენერალური მდივანიცაა.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესატანი ცვლილებების პაკეტს  უკვე განიხილავს სოკ-ის სპეციალური კომისია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, მიიღებენ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ივლისში ლოზანაში გაიმართება.  

აღსანიშნავია, რომ  არაერთი საერთაშორისო ფედერაცია  ყურადღებით მოეკიდა გენდერულ პრობლემატიკას და ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ცვლილებების შეტანის წინადადებით უკვე მიმართა სოკ-ს.

მაგალითად, ნიჩბოსნობის, ტყვიის სროლის,  მშვიდლოსნობის, ძიუდოს, მაგიდის ჩოგბურთის, ტრიატლონის,  ტაეკვონდოს, კრივის, ძალოსნობის, თანამედროვე ხუთჭიდის მესვეურებმა მოითხოვეს კაცთა მონაწილეობით ღონისძიებების შემცირება და ქალთა შეჯიბრებების დამატება.  

სოკ-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აცხადებს, რომ უკვე შემუშავებულია გეგმა, თუ როგორ გაიზარდოს ქალთა სპორტული შეჯიბრებები, რითაც გაუმჯობესდება ქალთა სპორტის დაფინანსება და სპორტში მათი უფრო აქტიურად ჩართვა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაცია ერთნაირი ენთუზიაზმით არ გამოხმაურებია უპირობო გენდერული თანასწორობის პრინციპს. მაგალითად, მძლეოსნობის ფედერაციამ არ გაიზიარა სოკ-ის რეკომენდაცია  პროგრამიდან კაცთა შორის 50 კმ-ზე სპორტული სიარულის ამოღების თაობაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქალთა შორის ეს დისციპლინა ოლიმპიადაში ჩართული არ არის. ოლიმპიურ კონკურენციაში მონაწილე სპორტსმენების (განსაკუთრებით - საგზატკეცილო რბოლაში) გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას ველოსპორტის ფედერაციაც. რაკი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქალთა შეჯიბრებები საერთოდ არ ტარდება, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებაც დილემის წინაშე დგას.

თუ ზოგად სტატისტიკას გადავხედავთ, ვითარება სულაც არ არის საგანგაშო: ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში ქალი სპორტსმენები ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის  44 პროცენტს შეადგენდნენ, 2016 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 45 პროცენტამდე გაიზარდა.