სპორტული განათლება რეგიონებში - სოკ-ის სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

26 აპრილი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით თბილისში ჩატარდა სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.

წინა სემინარებისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარ პრიორიტეტად მიჩნეულ იქნა რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციების წარმომადგენლების -კერძოდ, იძულებით გადაადგილებული პირების, სპორტის მუშაკების, პედაგოგების, მწვრთნელებისა და ადმინისტრატორების ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება ოლიმპიური მოძრაობის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე. ღონისძიება ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და მასში მონაწილეობდნენ არა მარტო დედაქალაქის სპორტის წარმომადგენლები, არამედ დევნილები გალიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და   აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიან. ღონისძიებას უძღვებოდა  სპორტის  ადმინისტრატორთა პროგრამის დირექტორი, ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი, პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი ლელა აფციაური.

დამსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით გაეცნო  სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის პრეზენტაციას საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სისტემის შესახებ. სპორტის ადმინისტრატორები გაეცნენ საქართველოში სპორტის მართვის სისტემის დეტალებს, რაზედაც მოხსენება წარმოადგინა სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა. რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა გოდერძი შურღაიამ დეტალურად ისაუბრა აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის მნიშვნელოვან სპორტულ აქტივობებზე და  აღნიშნა უახლოესი მომავლისთვის დასახული მიზნების მნიშვნელობა ოლიმპიური მოძრაობის განმტკიცებისთვის.   მონაწილეებმა განსაკუთრებული აქტივობა და ინტერესი გამოავლინეს  სასკოლო სპორტის განვითარების  პრიორიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ამომწურავად განიხილა მედიცინის დოქტორმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტმა თამარ მანჯავიძემ.

დასასრულს, სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სოკ-ის სერტიფიკატები. რეგიონებიდან მოწვეულმა მწვრთნელებმა, პედაგოგებმა და სპორტის ადმინისტრატორებმა მადლობა მოახსენეს  ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და მის ხელმძღვანელობას სპორტის ადმინისტრატორთა სემინარში მოწვევისთვის და მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ  სეოკ-თან მომავალში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისას.