რუსეთი ემზადება „პიონჩანგ-2018"-სთვის, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა სოკ-ს ეკუთვნის

27 აპრილი 2017

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევა და თავისი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაცია გააგზავნოს პიონჩანგში, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა რუსეთის ეოკ-ის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჟუკოვმა, რომელმაც  მედიის თანდასწრებით ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს.

ჟუკოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით გაემგზავრება კორეაში: „ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი გუნდის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან. იმედი მაქვს, რომ წლეულს ეს სამუშაო დასრულდება და ოლიმპიადაში სრული ნაკრებით მონაწილეობის საშუალება მოგვეცემა," - აღნიშნა ჟუკოვმა.

რუსეთის ეოკ-ის აღმასკომმა ასევე დაამტკიცა ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 600-მდე სპორტსმენი შევიდა. თუმცა, მათი ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და რუსეთის სპორტში დოპინგის სისტემურ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს ელოდება.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისის დასკვნის საფუძველზე, სოკ-მა გახსნა დისცილინარული საქმე 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე 28 რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ. ამასთან ერთად,  რუსეთში დოპინგთან  დაკავშირებით არსებული ვითარების გამოსაძიებლად შეიქმნა ორი კომისია: სადისციპლინო  კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

ერთი თვის წინ WADA-ს ხელმძღვანელმა  კრეიგ რიდიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება, რათა  რუსეთის დელეგაციას აეკრძალოს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. რიდიმ ამის შესახებ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე (SportsPro) განაცხადა და სოკ-ი გააკრიტიკა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ რუსეთის მიმართ გამოჩენილი ლმობიერების გამო. ეს არ იყო საუკეთესო მომენტი სოკ-ისთვის,"- აღნიშნა მან.

სხვადასხვა  ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ასევე მოუწოდებენ სოკ-ს არ დაუშვას რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.