თომას ბახმა სოკ-ის წარმატებებსა და პრობლემებზე ისაუბრა

28 აპრილი 2017

პანამერიკული სპორტული ორგანიზაციის (PASO) გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა   სპონსორებთან და მაუწყებლებთან ეფექტური თანამშრომლობის  შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სოკ-ი არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც დღეს არის. 

სოკ-ის პრეზიდენტმა ყურადრება გაამახვილა სოკ-ის წარმატებულ ტოპ-პროგრამაზე, რომლითაც სპონსორებთან  ურთიერთობებს აწესრიგებს. მისივე თქმით, ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური თამაშებისადმი ნდობის გამოხატულებაა მრავალწლიანი, უკვე ხელმოწერილი კონტრაქტები.

„ჩვენ 2032 წლამდე გაფორმებული გვაქვს კონტრაქტები ტელევიზიებთან,  2028 წლამდე  - ტოპ-სპონსორებთან და ვგეგმავთ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას," - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, სპონსორები  დაინტერესებული არიან არა მარტო უშუალოდ ოლიმპიური შეჯიბრებებით, არამედ თვლიან, რომ ოლიმპიური თამაშები არის სტაბილურობის ღუზა ბიზნესისა და პოლიტიკის ქაოსში.

„ახლა მსოფლიო უფრო მყიფე და არასტაბილურია, ვიდრე ოდესმე, რადგან ყველა კონტინენტზე სულ უფრო და უფრო იზრდება რისკები. ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიური თამაშები ამ  დროს   ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია გააერთიანოს მთელი მსოფლიო. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ ეს შევძელით რიოში, რაც ძალზე დასაფასებელია. მომავალშიც  შევძლებთ უზრუნველვყოთ ოლიმპიური თამაშების იდეა მსოფლიოს სტაბილურობისა." - განაცხადა თომას ბახმა.

მან  დეტალურად  განიხილა 2024 წლის თამაშების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზები. ეს საკითხი დღეს ძალზე აქტუალურია და ამ თემაზე ღია საუბარი სოკ-ის პრეზიდენტმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო:

დღეს არსებული პროცედურა მოძველებულია, რადგანაც კანდიდატი ქალაქების 

შერჩევის პროცესს ჰყავს ძალიან ევრი დამარცხებული. ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ კანდიდატი ქალაქების  წარდგენის და შერჩევის პროცედურა გავხადოთ  უფრო ნაკლებხარჯიანი, ეფექტური და მეტად მოწესრიგებული. რაც შეეხება უახლოეს არჩევნებს, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მათ შორის - „24-28" და კენჭისყრა ამ პროცედურით ჩავატაროთ.

 სწორედ ამიტომაც, პრეზიდენტ  ბახის  ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სოკ-ის 4 ვიცე-პრეზიდენტის შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეიმუშაოს  რეფორმირების წინადადებები, მათ შორის -  ე.წ.  „ორმაგი" არჩევნების შესაძლებლობაც.  

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიაზე, რომელიც წლეულს სექტემბერში ლიმაში (პერუ) უნდა გაიმართოს, ოლიმპიური მოძრაობის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის - 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქს აირჩევენ. როგორც ცნობილია, დღეისათვის მხოლოდ ორი პრეტენდენტი დარჩა - პარიზი და  ლოს-ანჯელესი

„2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძვის ორი დიდი სახელმწიფო  დიდი პროექტებით და უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს არაჩვეულებრივი შანსი," - ამბობს თომას ბახი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამუშაო ჯგუფი წარმატებით გაართმევს თავს რეფორმის პროცესს და ლოზანაში 11-12 ივლისს გასამართ სოკ-ის ბრიფინგზე, სადაც დაგეგმილია კანდიდატი ქალაქების პრეზენტაცია,  მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების წარდგენაც.

 დამკვირვებელთა ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ  ლიმაში გამოცხადდეს არა მარტო 2024 წლის, არამედ - 2028 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობაც. „ორმაგი კენჭისყრის" თემა, მართალია, აქტუალურია, თუმცა, კანდიდატი ქალაქების - პარიზისა და ლოს-ანჯელესის  წარმომადგენლები დღეის მდგომარეობით არც განიხილავენ  2028 წლის ოლიმპიური თამაშების მათ ქალაქებში ჩატარებას. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი - ჩავატაროთ თამაშები 2024 წელს. სხვა  ვარიანტს არც განვიხილავთ," - ასეთია მათი პოზიცია.