ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში: საქართველოს ნაკრები გუნდების შემადგენლობები ცნობილია

28 აპრილი 2017

2-7  მაისს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შეჯიბრება (კაცები, ქალები) 4 დღეს გასტანს, ბოლო 2 დღე კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობას (კაცები) დაეთმობა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ  უკვე დაასახელა ჩვენი გუნდის შემადგენლობა:

ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), დავით ტლაშაძე (70კგ)ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

გოგავა და მარსაგიშვილი 2 მაისს იჭიდავებენ, 3 მაისს ბრძოლაში ჩაებმებიან იაკობიშვილი და ოდიკაძე, 4 მაისს - ხინჩეგაშვილი და კენჭაძე, 5 მაისს კი ხალიჩაზე გავლენ ტლაშაძე და პეტრიაშვილი.

გარკვეულია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგელობაც, რომელიც  მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ გაგვაცნო :

ლერი აბულაძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ),  გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ), ზურა დათუნაშვილი (80 კგ), რობერტ კობლიაშვილი (85 კგ), კოკა კირცხალია (98 კგ), ლევან არაბული (130 კგ).

6 მაისი სარბიელზე გავლენ 59, 66, 98 და 130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები, ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 7 მაისს მედლებისთვის იბრძოლებენ 71, 75, 80 და 85 კგ წონის ფალავნები.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვა  და არაოფიციალურ ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო გვერგო.