რიჩარდ მაკლარენი იმედგაცრუებულია

29 აპრილი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე, კანადელი იურისტი რიჩარდ მაკლარენი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მისი კომისიის მიერ რუსეთში დოპინგის გამოყენების შესახებ წარდგენილ  მოხსენებას  საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვა. 

მაკლარენმა ამის თაობაზე განცხადება გააკეთა გერმანიის პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე: „მე თავს ვარიდებდი იმის საჯარო განხილვას, თუ როგორ რეაგირება უნდა ჰქონოდა სპორტულ საზოგადოებას ჩემს მოხსენებაზე. თუმცა, სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რაც ახლა ხდება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა პირველი ნაბიჯი იქნება ინტენსიური თანამშრომლობის და მოქმედების საერთო გეგმის შემუშავების მიმართულებით,"- აღნიშნა მაკლარენმა, რომელიც განსაკუთრებით გულდაწყვეტილია სპორტული ორგანიზაციების უმოქმედობით. „როცა მოხსენების მეორე ნაწილი გამოქვეყნდა, იმედგაცრუებული დავრჩი იმით, რომ მოქმედების ნათელი გეგმა არ აღმოაჩნდა არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც მსოფლიოს ანტისადოპინდო სააგენტოს, ასევე უმოქმედოდ არიან საერთაშორისო სპორტული ფედერაციები. მაინტერესებს, აქვთ თუ არა მათ რაიმეს შეცვლის სურვილი."

WADA -ას დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა ორ ნაწილად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობაზე, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე სპორტსმენი. სოკ-მა კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე  რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად შექმნა ორი კომისია.