სოკ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ბუენოს აირესში

01 მაისი 2017

არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ ემზადება. 2018 წლის 6-18 ოქტომბერს მსოფლოოს 4000-მდე საუკთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში შეეჯიბრება ერთმანეთს. ასეთი მასშტაბური ოლიმპიური ასპარეზობა ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში პირველად ტარდება, რაც არგენტინელებისთვის დამატებითი სტიმულია.

ამ დღეებში ბუენოს აირესს ეწვია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისს გაეცნო.  ბახს მინდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „ბუენოს აირესი-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ლეანდრო ლაროსამ, სოკ-ის წევრმა, არგენტინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯერარდო ვერტჰეინმა და  ბუენოს აირესის მერმა ჰორაციო როდრიგეს ლარეტამ. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული არგენტინის სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

სოკ-ის პრეზიდენტი ოლიმპიურ პარკში სტუმრობისას ასევე შეხვდა არგენტინელ  სპორტსმენებს, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს. მან იმედი გამოთქვა, რომ „ბუენოს აირესი - 2018" იქნება თანამედროვე, ინოვაციური  მიდგომებით გამორჩეული ოლიმპიური თამაშები. სოკ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოლიმპიადის  გახსნის ცერემონიალის ორიგინალურობას, ისაუბრა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანილ სიახლეებზე: „ამჯერად, ეს იქნება ოლიმპიური თამაშები, რომელიც თავად მივა ახალგაზრდებთან.  ბუენოს აირესის თამაშებისგან ჩვენ ბევრ  რამეს ვისწავლით," - განაცხადა თომას ბახმა. მან გაამხნევა ახალგაზრდა სპორტსმენები და  წარმატებები უსურვა 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ველოსპორტში ვალტერ პერესი  ერთ-ერთი ოლიმპიელთაგანი იყო, რომელიც ბუენოს აირესში თომას ბახს შეხვდა: „ძალზე კარგი იქნებოდა, ჩემი ახალგაზრდობის დროს რომ ყოფილიყო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები... ახლა, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, ძალზე ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდება აქ, ჩემს ქალაქში და  ოლიმპიურ ფასეულობებს ეზიარებიან არა მარტო ახალგაზრდა სპორტსმენები,  არამედ - მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა."

ბახის ვიზიტი არგენტინაში ქვეყნის პრეზიდენტ მაურისიო მაკრისთან შეხვედრით დასრულდა. როგორც მაკრიმ აღნიშნა, „ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ქალაქსა და ქვეყანას დიდ სარგებლობას მოუტანს თამაშების დაწყებამდე, მისი მიმდინარეობის პერიოდში და დამთავრების შემდეგ." მან მოიყვანა ათლეტთა სოფლის მაგალითი, რომელიც მოგვიანებით სოციალურ საცხოვრებელ კომპლექსად იქცევა.

სოკ-ის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა საოლიმპიადო სამზადისის ტემპების და თამაშების მიმართ ნოვატორული მოდგომის გამო. მან ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის პრეზიდენტს დიდი საერთაშორისო ფორუმის („ოლიმპიზმი მოქმედებაში") შესახებ, რომელიც გაისად ასევე არგენტინის დედაქალაქში გაიმართება და მსოფლიო სპორტის აქტუალურ საკითხებს განიხილავს.