მოსალოდნელი ცვლილებები მძლეოსნური რეკორდების აღნუსხვის სისტემაში

02 მაისი 2017

ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) პრეზიდენტი სვენ არნე ჰანსენი აცხადებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს რეკორდების ცხრილში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. EAA-ს საბჭომ უკვე დაამტკიცა საპროექტო ჯგუფის მიერ წარდგენილი შესაბამისი  რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც გადაეგზავნა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IAAF).

ახალი სტანდარტების მიხედვით, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდები დამყარებულად ჩაითვლება, თუ: 1) სარეკორდო შედეგი ნაჩვენებია შესაბამისი მძლეოსნური ორგანიზაციის რეესტრში შეტანილ ისეთ შეჯიბრებებზე, სადაც გარანტირებულია მსაჯობისა და ტექნიკური აღჭურვილობის უმაღლესი დონე; 2) სპორტსმენი შეჯიბრებამდელ პერიოდში, 12 თვის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, შემოწმდა დოპინგზე; 3) რეკორდის დამყარების შემდეგ აღებული დოპინგ-სინჯის ნიმუში ინახება დაცულ ადგილას და 10 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია განმეორებითი ტესტირებისთვის.

ახალი კონცეფციის თანახმად,  უნდა გაუქმდეს 2005 წლამდე გაკეთებული ყველა სარეკორდო ჩანაწერი. ევროპული მძლეოსნობის მაღალჩინოსნების თქმით, ეს იქნება „რადიკალური პროცესი," რომელიც ევროპისა და მსოფლიოს რეკორდების ახალი, გაცილებით სანდო და სამართლიანი რეესტრის შექმნით უნდა დასრულდეს.

„ჩვენ რევოლუციური მიდგომა გვჭირდება არა იმიტომ, რომ აუცილებლად გაუქმდეს ევროპისა და მსოფლიოს რეკორდების უმრავლესობა, არამედ იმისათვის, რათა ძირფესვიანად შევცვალოთ და ავამაღლოთ რეკორდების აღიარების სტანდარტები, როცა თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული იქნება, რომ ყველაფერი გაკეთდა სამართლიანობის პრინციპების დაცვით", - ამბობს სვენ არნე ჰანსენი.  

მძლეოსნური რეკორდების აღნუსხვის და ფორმირების ახალი კონცეფცია განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IAAF).

IAAF -ის პრეზიდენტმა სებასტიან  კოემ, რომელიც IAAF -ის საბჭოს ევროპელ წევრებთან ერთად ესწრებოდა ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის საბჭოს დასკვნით სხდომას, განაცხადა, რომ მას მოსწონს შემოთავაზებული სიახლე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოხდეს ახალი პროექტის გლობალური განხილვა, მათ შორის - ტერიტორიულ და ეროვნულ მძლეოსნულ ფედერაციებში. კოეს თქმით, „არაერთი მძლეოსანი, რომელსაც რეკორდსმენების სიიდან ამოღება დაემუქრება, არ მოიწონებს ამ სიახლეს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით."

წლეულს აგვისტოში, ამ საკითხს უკვე IAAF-ის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.