ბუნდესტაგის სპორტის კომიტეტის მოწოდება და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპასუხო განცხადება

03 მაისი 2017

გერმანიის ბუნდესტაგში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის მოხსენებასთან დაკავშირებით ამ დღეებში გამართული მოსმენის შემდეგ, საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა ბუნდესტაგის სპორტის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაგმარ ფრეიტმა. მისი აზრით, რუსეთმა ბოლომდე ვერ გაიაზრა ანტისადოპინგო სისტემაში აღმოჩენილი პრობლემების სიმძიმე და ამის გამო ამ ქვეყნის დელეგაციას უნდა აეკრძალოს  2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან იგივეს ითხოვს გერმანიის ოლიმპიური სპორტის კონფედერაციის პრეზიდენტი ალფონს ჰოფმანი.

კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნილი WADA -ას დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა ორ ნაწილად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობაზე, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე რუსი სპორტსმენი. სოკ-მა კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე  რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად შექმნა ორი კომისია.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი იქნება სოკ-ის საბოლოო ვერდიქტი, თუმცა საერთაშორისო სპორტულ  საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები რუსი სპორტსმენებისთვის  სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

 ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია გერმანია. სწორედ გერმანელთა მკაცრი მოწოდებების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ოლიმპიური პრინციპების უგულვებელყოფა: „რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას განიხილავს, როგორც ოლიმპიური ქარტიისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის უხეშ დარღვევას და უკიდურესად შეშფოთებულია გერმანელი პარლამენტარების მცდელობის გამო, ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე  2018 წლის ზამთრის XXIII  ოლიმპიურ თამაშებში რუსი სპორტსმენებისთვის მონაწილეობის აკრძალვის მიზნით."  რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები  არღვევს ოლიმპიური მოძრაობის ერთიანობას და მიმართულია იმ პროცესების დესტაბილიზაციისკენ, რომელიც სოკ-ის მიერ ხორციელდება ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ უარყოფს დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას, თუმცა „ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უდიდესი ძალისხმევით იბრძვის სპორტში დოპინგის წინააღმდეგ."

რუსეთის ეოკ-ის  ეს განცხადება გადაეგზავნა გერმანიის ბუნდესტაგს, გერმანიის ოლიმპიური სპორტის კონფედერაციას, ასევე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.