სოკ-ი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო შეთანხმდნენ

04 მაისი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება სოკ-ის პრეზიდენტ თომას ბახის,  WADA-ს პრეზიდენტის  კრეიგ რიდისა და WADA-ს დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარის რიჩარდ მაკლარენის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

 „ეს იყო ძალზე კონსტრუქციული და ნაყოფიერი შეხვედრა. ღია განხილვის შემდეგ  მივაღწიეთ სრულ თანხმობას  და ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დოპინგთან ბრძოლაში. ჩვენი საერთო მიზანია ყველა ღონე ვიხმაროთ სუფთა სპორტსმენების დასაცავად, რათა სისტემური დოპინგ-სმანიპულაციები  აღარასოდეს  განმეორდეს," -   ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

შეხვედრაზე, რომელიც ლოზანაში, სოკის შტაბ-ბინაში გაიმართა, განიხილეს მაკლარენის კომისიის ის დასკვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. მხარეებს მიაჩნიათ, რომ  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებით  შესაძლებელი იქნება მაკლარენის კომისიის დასკვნაზე შედეგიანი რეაგირება  და დოპინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.

WADA-ს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა მაკლარენმა სოკ-ის პრეზიდენტს გააცნო  მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი 2014 წლის წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების და მონაწილეობის პერიოდში ჩართული იყო დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალურ სისტემაში.

სოკ-მა კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო ფედერაციებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გაატარონ შესაბამისი ზომები დასკვნაში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ როდის გამოქვეყნდება  სოკ-ის  კომისიების დასკვნა, რომელმაც უნდა  გადაწყვიტოს რუსი სორტსმენების სანქცირების საკითხი. სწორედ ამ კომისიების დასკვნებზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა რუსი სპორტსმენები მონაწილეობას „პიონჩანგ-2018"-ის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებში.

შეხვედრაზე თომას ბახმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მარტში დამტკიცებულ სარეფორმო პაკეტზე, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი, საიმედო და ეფექტური  ანტისადოპინგო სისტემის ჩამოყალიბების 12 პრინციპს.

სოკ-სა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შორის ურთიერთობაში ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოკ-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ მაკლარენის კომისიის დასკვნაში შეიძლება არ იყოს საკმარისი მტკიცებულება რუსი სპორტსმენების დოპინგის გამოყენებაში დადანაშულებისა და მათი სანქცირებისთვის. პარალელურად, სოკ-მა თავად შექმნა ორი კომისია, რომელთა საქმიანობის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სოკ-ის ერთი კომისია სწავლობს „ლონდონი-2012"-ზე რუსი სპორტსმენების მიერ ჩაბარებულ დოპინგ-ნიმუშებს, მეორე კომისია კი იკვლევს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  დოპინგით მანიპულირებაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის საკითხს.  

ლოზანაში გამართული სამხრივი შეხვედრის შედეგი მოწმობს, რომ სოკ-სა და WADA-ს ურთიერთობაში  მიღწეულია სრული თანხმობა.