ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი ევროპული ოქრო

04 მაისი 2017

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს, 4 მაისს ბრძოლაში ჩაერთვნენ  61 და 74 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები.

სერბულ ხალიჩაზე ბრწყინვალედ გამოვიდა საქართველოს ნაკრების ლიდერი, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61კგ). მან ზედიზედ მოუგო 4 მეტოქეს და შეინარჩუნა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.

ხინჩეგაშვილმა მერვედფინალში დაამარცხა მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4:1), მეოთხედფინალში 9:5 აჯობა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს, ფინალში გასასვლელ ბრძოლაში კი შანსი არ დაუტოვა უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს - 8:2.

უაღრესად დაძაბული და ემოციური გამოდგა ხინჩეგაშვილისა და რუსეთის ნაკრების ჩეჩენი წევრის, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის ახმედ ჩაკაევის ფინალური შერკინება. პირველ პერიოდში ჩაკაევი 5 ქულით დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ  ინიციატივას ქართველი ფალავანი დაეუფლა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 10:9.

74 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ ჯერ რუმინელი ვასილე მადალინ მინზალა 5:1 დაამარცხა, მერე კი ბულგარელი სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვს წმინდად მოიგო - 15:4. კენჭაძე სომეხ გრიგორ გრიგორიანთან შეხვედრასაც იგებდა, მაგრამ მეტოქემ ბოლო წამებზე ყურადღების მოდუნება  არ აპატია - 4:5. რაკი გრიგორიანმა ფინალში ვერ გააღწია, კენჭაძეს რეპეშაჟში არ უჭიდავია.

5 მაისს თავისუფალი ჭიდაობაში ბოლო მედლებს გაითამაშებენ 70 და 125 კგ წონის მოჭიდავეები. საქართველოდან ხალიჩაზე გავლენ დავით ტლაშაძე (70 კგ) და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ).