რიოს ოლიმპიადაზე თავდასხმების მცდელობაში ბრალდებულები გაასამართლეს

05 მაისი 2017

ბრაზილიის სასამართლომ გაასამართლა 8 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებათ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავდასხმების ორგანიზებაში და ასევე, ინტერნეტში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე" მასალების გავრცელებაში.

ყველა ბრალდებული ბრაზილიელია და  გასული წლის აგვისტოში, „რიო-2016"-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. საქმე ის არის, რომ აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ბრაზილიელი კოლეგები ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, რასაც ეჭვმიტანილთა დაკავებები მოჰყვა.  ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა თავდაპირველად 15 ადამიანი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, 7 ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს.

სასამართლომ ჯგუფის ლიდერ ლეონიდ ელი კადრე დე მელოს  15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენ 7 ბრალდებულს კი 5 და 6 წლით პატიმრობა.

დე მელოს ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. გასამართლებულები სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ.

ბრაზილიელ სამართალდამცველთა ვერსიით, გასამართლებულები „ისლამური სახელმწიფოს" წევრები არ არიან, მაგრამ მათთან კავშირზე გასვლას გეგმავდნენ. სწორედ ამ დროს მოექცა მათი საეჭვო საქმიანობა აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყურადღების ცენტრში.

გამოძიების მასალებით, ბრალდებულებმა ოლმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინეს იარაღი და ინტერნეტში გაავრცელეს მასალა, თუ როგორ უნდა დაემზადებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობები.