გენო პეტრიაშვილის ბრინჯაო

05 მაისი 2017

ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო - ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი სერბულ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. შეჯიბრების ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კონტინენტის შარშანდელი ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

 ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველ წრეში 5:2 მოუგო რუსეთის ნაკრების წევრს ალან ხუგაევს, მეოთხედფინალში კი მთავარ კონკურენტს, თურქ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, გენო ვერ განეწყო საბრძოლვევად და მეხუთე წუთზე წმინდად დამარცხდა - 4;14.

ამის შემდეგ პეტრიაშვილი კიდევ ორჯერ გავიდა ხალიჩაზე: რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინელ დანილო კორტავის აჯობა (6:2), სამედლო ბრძოლა კი უნგრელ დანიელ ლიგეტს მოუგო (4:2).

ხვალ და ზეგ ევროპის ჩემპიონატის მედლებს გაითამაშებენ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები.

6 მაისს ნოვი სადის სარბიელზე გავლენ 59, 66, 98 და 130 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები, ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 7 მაისს მედლებისთვის იბრძოლებენ 71, 75, 80 და 85 კგ წონის ფალავნები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ლერი აბულაძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ),  გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ), ზურა დათუნაშვილი (80 კგ), რობერტ კობლიაშვილი (85 კგ), კოკა კირცხალია (98 კგ), ლევან არაბული (130 კგ).